შალვა პაპუაშვილი - მივმართავ განსაკუთრებით ოპოზიციას, ხვალ წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტის სხდომაზე, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის შესაბამისი უმრავლესობის მოპოვება შევძლოთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს მიმდინარე კვირაში პარლამენტის დღის წესრიგი გააცნო.
პაპუაშვილმა მოუწოდა განსაკუთრებით ოპოზიციას, დაესწრონ ხვალინდელ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე.
„ხვალ, პოლიტიკური განცხადებების შემდეგ გვექნება შესვენება. შესვენების შემდეგ განვიხილავთ კონსტიტუციის ცვლილების პროექტს, რომელიც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზეც განიხილება. ასევე გვექნება 12-პუნქტიდან ერთ-ერთის შესახებ პაკეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების პროაქტიულ გათვალისწინებაზე. ცვლილებები განიხილება მეორე მოსმენით. გარდა ამისა, გვექნება რეგლამენტში ცვლილებები, რომლებიც შეეხება საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას. ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილება. ასევე, შესაძლოა, სხვა საკითხებიც იყოს.
ხვალ განვიხილავთ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტს. იმისათვის, რათა ცვლილებები ერთი მოწვევის პარლამენტმა მიიღოს, სჭირდება ხმათა სამი მეოთხედი, ანუ 113 ხმა. მივმართავ განსაკუთრებით ოპოზიციას, ხვალ წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტის სხდომაზე, რათა შევძლოთ შესაბამისი უმრავლესობის მოპოვება. დიდი ალბათობით, კენჭისყრა ხვალ, შვიდ საათზე იქნება. ამიტომ ვთხოვ ყველას, იყოს დარბაზში და მივიღოთ ცვლილება. ოთხშაბათს განვიხილავთ კანონპროექტებს და სავარაუდოდ ასევე შევძლებთ იურიდიული დახმარების სამსახურისა და აუდიტის სამსახურის 2021 წლის ანგარიშების მოსმენას. ასევე კანონპროექტებს განვიხილავთ და კენჭისყრაც გვექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხუთშაბათს სავარაუდოდ მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ.
„ხუთშაბათი 12:00 საათიდან სრულად დაეთმობა საგარეო საქმეთა მინისტრის საათს. პარასკევი, დიდი ალბათობით, არ დაგვჭირდება პლენარული სხდომისთვის. ეს გახლავთ სავარაუდო დღის წესრიგი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.