შალვა პაპუაშვილი - მივმართავ დონორებს, რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ ჩართულნი არიან პარტიების დაფინანსებაში, საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაა, როცა უცხო ფულით აფინანსებენ ქართულ პარტიებს
მოვუწოდებ ყველა პარტიას, გააუქმონ ყალბი „ენჯეოები“, გააუქმონ ანგარიშები, სადაც უცხოეთიდან ერიცხებათ თანხები და ემსახურონ ქართველ ხალხს. მივმართავ დონორებს, რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ ჩართულნი არიან პარტიების დაფინანსებაში, საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაა, როცა უცხო ფულით აფინანსებენ ქართულ პარტიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, უცხოური შემოწირულობების მიღება ყველა ქვეყანაში აკრძალულია და ეს კანონის დარღვევაა.
„გუშინ სანდრო რაქვიაშვილის მხრიდან აღიარებაც კი მოვისმინეთ, რომ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა ყალბი „ენჯეოების“ მეშვეობით, რათა მოიზიდონ უცხოური დაფინანსება. ეს გარკვეული სიამაყითაც თქვა, თითქოს მოძებნეს რაღაც ხვრელი კანონმდებლობაში დაფინანსების მისაღებად. ოპოზიცია ვერც კი ხვდება, მათ შორის, სანდრო რაქვიაშვილი, ამით რას ამბობს. ამით ამბობს, რომ ქართული პარტიები თურმე უცხოეთიდან ფინანსდებიან. როგორ წარმოუდგენიათ ქართული საქმის კეთება, როდესაც უცხოური ორგანიზაციების ხელფასზე სხედან? როგორც ჩანს, ეს სერიოზული პრობლემაა. თითო-ოროლა ასეთი შემთხვევა ჩვენ თავად პარტიებისგან ვიცით, როდესაც შემთხვევით წამოცდენა აქვთ ხოლმე. გუშინ სანდრო რაქვიაშვილმა დაადასტურა, რომ ეს ზოგადი სქემა არის პარტიების დაფინანსების.
უცხოური შემოწირულობების მიღება აკრძალულია, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ეს არის არა მხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ სუვერენიტეტის მიმართ უდიერი მოპყრობა. ვერ აცნობიერებენ, რომ სახელმწიფოები მოქმედებენ საკუთარი ინტერესებით, საკუთარი ხალხის ინტერესით და პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან, მხოლოდ საკუთარი ხალხის, ქვეყნის ინტერესებით იმოქმედონ. პოლიტიკური პარტია უცხოური ორგანიზაციის ხელფასზე როცა ზის, შესაბამისად, ატარებს სხვა ორგანიზაციის თუ ქვეყნის ინტერესებს. როგორც ჩანს, ეს არის პრობლემა, რატომაც ჩუმდებიან ოპოზიციური პარტიები, როცა სანქციებზეა ლაპარაკი და როდესაც ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, თუმცა შეიძლება შედიოდეს სხვა ქვეყნის ინტერესებში. იმ ქვეყნების, რომლებისგანაც ფინანსებს იღებენ. რატომ გაჩუმდნენ, როცა საუბარი იყო უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონზე, თურმე რატომ ჰქონდათ ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი, ძალადობა, მათ შორის ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტს. მიხვდნენ, რომ გამოაშკარავდებოდა ის სქემები, თუ როგორ ფინანსდება ქართული პარტიები უცხოეთიდან.
უცხოურ დაფინანსებასა და უცხო ქვეყნების ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ასევე, მივმართავ დონორებს, რომლებიც ამ სქემის მონაწილენი არიან და ირიბად თუ პირდაპირ ჩართულნი არიან პარტიების დაფინანსებაში – საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაა, როცა უცხო ფულით აფინანსებენ ქართულ პარტიებს. მოვუწოდებ მათ, ეს არ გახლავთ მხოლოდ რაიმე ეთიკის საკითხი, ეს გახლავთ საერთაშორისო ვალდებულება. მათ შორის არსებობს პარიზის დეკლარაცია საერთაშორისო დახმარების შესახებ, რომელიც ამბობს, რომ ყველა დონორი საკუთარ ქმედებებზე უნდა იყოს ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.