შალვა პაპუაშვილი - მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს, მათი პასუხისმგებლობა არ მთავრდება ფულის ჩარიცხვით, არამედ მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას
შალვა პაპუაშვილი - მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს, მათი პასუხისმგებლობა არ მთავრდება ფულის ჩარიცხვით, არამედ მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს, მათი პასუხისმგებლობა არ მთავრდება ორგანიზაციისთვის ფულის ჩარიცხვით, არამედ მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის, მათი მედიის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები ამყარებს აზრს, რომ მზადდება 2020 წლის სცენარის გამეორება და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა.

„ამიტომ განსაკუთრებით მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს: მათი პასუხისმგებლობა არ მთავრდება ორგანიზაციისთვის ფულის ჩარიცხვით, არამედ თავის თავში მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას. 2020 წლის გამოცდილებამ, როდესაც ჯერ პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებით, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადებით, რომლებიც ისეთ ცრუ ფაქტებს ეყრდნობოდა, როგორებიც იყო ცესკო-ს მიერ შედეგების დაგვიანების გამოცხადება თუ უბნების რვა პროცენტზე დისბალანსი და ა.შ., გვაჩვენა, როგორი საფრთხის შემცველია დემოკრატიულ პროცესებთან უპასუხისმგებლო თამაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.