შალვა პაპუაშვილი - მივესალმებით, თუ რომელიმე ქვეყანას აქვს სურვილი, ქართველი ხალხისთვის რაიმე სასარგებლო გააკეთოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხანდახან ცალკეულ ფინანსებს უყურებენ, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს
მივესალმებით, თუ რომელიმე ქვეყანას აქვს სურვილი, ქართველი ხალხისთვის რაიმე სასარგებლო გააკეთოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხანდახან ცალკეულ ფინანსებს უყურებენ, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებას, როდესაც საერთაშორისო დახმარება გამოიყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ლუგარის ლაბორატორიის ცენტრთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო აკეთებს იმას, რაც ჩვენი ხალხის ინტერესშია.
„მგონი, ამას ყველა აკვირდება, საერთოდ არ ვუყურებთ იმას, თუ რა არის სხვების ინტერესში. უპირველეს ყოვლისა, ვაკეთებთ იმას, რაც არის ქართველი ხალხის ინტერესში. რაც შეეხება თანხას, 2 მლნ ლარზეა საუბარი. ჯანდაცვის ბიუჯეტი არის 8 მლრდ ლარზე მეტი და საუბარია 2 მილიონზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ არსად არანაირი შეფერხება არ იყოს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით, თუ ვინმეს სურს, რომ ჩვენთან თანამონაწილე იყოს, მისთვისაც, შეიძლება, საინტერესო რაღაც მიმართულებებზე, და ასევე, თუკი აქვთ სურვილი, რომ ქართველი ხალხისთვის რაიმე სასარგებლო გააკეთოს რომელიმე ქვეყანამ. რა თქმა უნდა, მეგობრობა ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და ასევე ვეხმარებოდით ჩვენ ამერიკელებს, როდესაც ავღანეთში წავედით და ვიომეთ. ასე ვეხმარებოდით ჩვენ და იქ ანგარიში არ წარგვიდგენია ამის შემდეგ ამერიკელი ხალხისთვის. ჩვენ ამ მეგობრობას ვუყურებთ იმ მხრივ, რომ როდესაც საჭირო არის გვერდში დგომა, გვერდში ვუდგავართ ჩვენ მეგობარ ამერიკელ ხალხს. ასევე ვუყურებთ, როდესაც ჩვენ მიმართ გამოიხატება რაღაც მეგობრული ნაბიჯები, თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ იყოს თანაზიარი სხვადასხვა განვითარების, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ხანდახან ამ ცალკეულ ფინანსებს უყურებენ, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს, რათა მოახდინონ გავლენა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ სხვადასხვა პოლიტიკაზე თუ მიმდინარეობაზე, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და, რაც მთავარია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებას, როდესაც საერთაშორისო დახმარება გამოიყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.