შალვა პაპუაშვილი - მივესალმებით, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა საერთო გადაწყვეტილება იქნას მიღებული
მივესალმებით, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა საერთო გადაწყვეტილება იქნას მიღებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა.
„მივესალმებით, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ ჩვენს ოპონენტებთან იმუშაონ, რათა საბოლოოდ, საერთო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს. მას შემდეგ, რაც ემოციები ნელ-ნელა დაცხრა და სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნები გამოქვეყნდა, ჩვენი ოპონენტების გარდა, ყველა ერთ რამეზე თანხმდება, კერძოდ იმაზე, რომ ეს არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ამ არჩევნების შედეგში ქართველი ამომრჩევლის ნება აისახა. მნიშვნელოვანია, ჩვენმა ოპონენტებმა ამ რეალობას და ქართველი ამომრჩევლის არჩევანს თვალი გაუსწორონ, მათ შორის მათი ამომრჩევლის არჩევანს და მიიღონ ის მანდატი, რონელიც მათმა ამორჩეველმა მიანიჭა.
ვხედვთ, რომ ბოიკოტის საკითხზე საკუთარ ამომრჩევლებშიც აღარ აქვთ ისეთი მხარდაჭერა. ასევე, ვხედავთ, რომ ცალკეული პოლიტიკური ლიდერები დარწმუნებულები არ არიან, მათთვის რომელი გზაა ყველაზე უფრო ხელსაყრელი. ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გზა კონსტიტუციური გზა და დემოკრატიის პატვისცმაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები დილიდან მიმდინარეობს, რომელსაც თავდაპირველად კარლ ჰარცელი ესწრებოდა, მოგვიანებით კი აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც შეუერთდა.