შალვა პაპუაშვილი - მიმდინარე წელს 291 კანონი მიიღო პარლამენტმა, მათ შორის ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად - 82, პროდუქტიული იყო პარლამენტის საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის მხრივ მიმდინარე წელი შეაფასა.
მისი თქმით, პარლამენტისთვის საკმაოდ პროდუქტიული წელი იყო.
„მინდა, მოკლედ შევაფასო მიმდინარე წელი, რა საქმიანობა გასწია პარლამენტმა. კანონშემოქმედების კუთხით, 291 კანონი მიიღო ჩვენმა პარლამენტმა, მათ შორის ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად 82 კანონი მივიღეთ. ასე რომ, კანონშემოქმედების კუთხით, პროდუქტიული იყო ჩვენი საქმიანობა. რაც შეეხება საპარლამენტო ზედამხედველობას, მთავრობის წევრები 20-ჯერ იყვნენ პარლამენტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრი იყო სამჯერ პლენარულ სხდომაზე. ამ 20 მოსვლიდან 13 იყო მინისტრის საათის ან ანგარიშის ფორმატი, შვიდი იყო ინტერპელაცია, რომლითაც ოპოზიციამაც აქტიურად ისარგებლა. 20-ზე მეტი ანგარიში მოვისმინეთ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მხრიდან, 12 საკომიტეტო მოკვლევა დაინიცირდა, საიდანაც შვიდი უკვე დასრულებულია. ასევე, ოთხი საგამოძიებო კომისია დაინიცირდა, სამწუხაროდ, არცერთი გამოტანილი არ იყო პლენარულ სხდომაზე. ამ მხრივ, ეს ინიციატივა ჯერ კიდევ ჰაერშია.
რაც შეეხება ვიზიტებს, პარლამენტის თავმჯდომარის 18 ვიზიტი იყო განხორციელებული, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების 43 ვიზიტი შედგა, მეგობრობის ჯგუფების კი – ხუთი ვიზიტი. მივიღეთ 32 დელეგაცია, საიდანაც ოთხი იყო პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჩამოსული. 300-მდე ჯგუფს უმასპინძლა პარლამენტმა, 5 300-ზე მეტი ვიზიტორი გვყავდა, მათ შორის სხდომათა დარბაზში 4 900 მარტო სკოლის მოსწავლე და სტუდენტი იყო, რომლებიც წელს ეწვივნენ პარლამენტს, გაეცნენ მის საქმიანობას. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ საპარლამენტო საქმიანობისთვის და გისურვოთ უფრო მეტად ინტენსიური და საინტერესო მომავალი წელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.