შალვა პაპუაშვილი - მიკვირს, რომ ვხედავთ ევროპულ თუ ამერიკულ ფონდებს, რომლებიც რუსული, იატაკქვეშური მეთოდებით ფარულად მონაწილეობენ ქართულ პოლიტიკაში
ვიდრე არ გასკანდალდება, ჯობს, ორგანიზაციებმა, ფონდებმა, საელჩოებმა თავად იზრუნონ და ჩაკეტონ ქართული პოლიტიკის დაფინანსების უკანონო, არალეგალური წყაროები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„ნელ-ნელა უკვე ჩნდება და აშკარა ხდება, სერიოზულ სახეს იძენს ეს პრობლემა, ვინაიდან მზის შუქზე გამოდის, რომ თურმე აწყობილია მთელი სქემა, რომლითაც ქართველი პოლიტიკოსები უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან. ეს არის პირდაპირ ჩარევა, განსაკუთრებით ახლა, საარჩევნო პროცესში. ეს არ არის მეგობრული აქტი არცერთი ქვეყნისგან თუ რომელიმე ფონდისგან. ეს არის ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და არჩევნებში ჩარევა. ეს არის ის, როგორც იქცევა რუსეთი და მე მიკვირს, რომ ჩვენ ახლა ვხედავთ ევროპულ თუ ამერიკულ ფონდებს, რომლებიც რუსული მეთოდით, იატაკქვეშური მეთოდებით, ფარულად მონაწილეობენ ქართულ პოლიტიკაში, მათ მიერ დაფინანსებული პოლიტიკოსების მეშვეობით. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფციაა, თან პოლიტიკური კორუფცია, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა უცხოურ ფონდებსა და საელჩოებს, დააკვირდნენ მათი ქვეყნებიდან მომდინარე ფინანსებს.
„ამიტომ, მე, კიდევ ერთხელ, არ დავიღლები, რომ მოვუწოდო ყველა უცხოურ ფონდს, საელჩოებს, დააკვირდნენ მათი ქვეყნებიდან მომდინარე ფინანსებს, რამდენად მიდის ის პარტიების ჯიბეში და სალაროებში. ვინაიდან ნელ-ნელა მჟღავნდება ეს ყველაფერი, მინდა, მათ თავადვე აღკვეთონ ეს, რომ შემდეგ არ მოჰყვეს ასეთი სკანდალები, რომლებიც შიგადაშიგ მჟღავნდება ხოლმე, როგორც იყო ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, სადაც აღმოჩნდა, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს მის პარტიასა და საარჩევნო კამპანიას. შეგახსენებთ, ეს გახლავთ ფონდი, რომელიც ევროკავშირის ფულს ხარჯავს, რომლის ბორდში არის ზოგიერთი ევროპარლამენტარი, მათ შორის, ანა ფოტიგა. გასაგებია, ისინი რაშიც ხარჯავენ ფულს. მათ შორის, ერთ-ერთმა ევროპელმა პირმა, რომელიც იცნობს მის დაფინანსებულ პროექტებს, დამიდასტურა, რომ ამ პროექტებს აქვს პოლიტიკური ხასიათი. შეგახსენებთ, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ მალავს თავის პროექტებს. ამიტომ, ვიდრე ეს არ გასკანდალდება, ჯობს, ამ ორგანიზაციებმა, ფონდებმა, საელჩოებმა თავად იზრუნონ და ჩაკეტონ ქართული პოლიტიკის დაფინანსების უკანონო, არალეგალური წყაროები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.