შალვა პაპუაშვილი - მიკვირს, რომ ოპოზიცია მომხრეა, მოსახლეობიდან 76 მილიონი ლარი ამოვიღოთ, მოქალაქეებს სოციალური ფონი უნდა შევუმსუბუქოთ
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაცია იწყება და პანდემია უკან იხევს, მოსახლეობას სოციალური მდგომარეობა უნდა შეუმსუბუქდეს.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, უკვირს, რომ ოპოზიცია ამისი წინააღმდეგია.
„მიკვირს, რომ ოპოზიცია მომხრეა, მოსახლეობიდან 76 მილიონი ლარი ამოვიღოთ. თუ ოპოზიცია ითხოვს, რომ ადამიანებიდან 76 მილიონი ამოვიღოთ, თქვან, პირობები გამკაცრდეს. სამწუხაროდ, პანდემიის დროს რეგულაციები მოსახლეობის ნაწილმა არ დაიცვა და ჯარიმები დაეკისრათ, მაგრამ ქვეყანაში არსებობს სოციალური ფონი, არის დავალიანებები. იმ ფონზე, როცა იწყება მასობრივი ვაქცინაცია და პანდემია უკან იხევს, მოსახლეობას ეს სოციალური ფონი უნდა შევუმსუბუქოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან.
გარდა ამისა, პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ.