შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის ბიძა საუბრობდა გახლეჩაზე, სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეს ადასტურებს, რა მიზნები ჰქონდათ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომლებმაც სააკაშვილი შემოაპარეს
ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფიგურის ან პერსონის დანიშნულება არის სწორედ ის, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის ნათელია, რა მიზნები ჰქონდათ იმ ჯგუფებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი 2021 წელს შემოაპარეს საქართველოში.
შალვა პაპუაშვილი აქვე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას იმ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.
„ციხეში იქნებოდა ის, უკრაინაში თუ ამერიკიდან გველაპარაკებოდა, მისი მთავარი მიზანი და მისი, ასე ვთქვათ, როგორც ინსტრუმენტის მთავარი დანიშნულება არის, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში. ნახეთ თქვენ ბიძამისის გამოსვლა, რომელიც საუბრობდა გახლეჩაზე, დაყოფაზე, მათ შორის სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. სწორედ ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ, რა მიზნები ჰქონდათ იმ ჯგუფებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომლებმაც სააკაშვილი შემოაპარეს საქართველოში 2021 წელს, რომ აერიათ ქვეყანა არჩევნების წინ. მათ შორის, მათი მიზანი იყო, რომ ამ პერიოდში, როდესაც მიდის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენთანაც არეულიყო სიტუაცია. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, არის ნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის. პირდაპირ ეთერში ვხედავთ ადამიანს, რომელიც იმართება ჯგუფებიდან, ვინც ის შემოაპარეს, ვინც მას მფარველობს. ხან რომელიღაც რეზოლუციაში აღმოჩნდება ხოლმე მისი სახელი და გვარი, აბსოლუტური ტყუილებით, თითქოს ხდებოდა მისი წამება, ხან რომელიღაც განცხადებებში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და ხან პირდაპირ ქმედებებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ არიოს საქართველო და იყოს დესტაბილიზაცია.
„ვიცით, რომ საქართველოში ის შემოაპარა უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ. ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გვინდა, როდესაც ქვეყანაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახური შემოგაპარებს? მერე სასამართლოზე ამბობ, რომ ქართული ენა დაგავიწყდა და უკრაინულად უნდა გელაპარაკოთ და შემდეგ კიდევ პრეტენზიები გაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკურად აქტიური უნდა იყო. ეს სამარცხვინო ცირკია, რასაც ჩვენ ვუყურებთ. კიდევ ვხედავთ, რომ მის პოლიტიკურ პარტიაში ადამიანები არიან, რომლებიც ხბოს აღტკინებით, გაფართოებული თვალებით შესციცინებენ მას. ცდილობს, რომ არიოს საქართველო, ჩვენი ქვეყანა. ცდილობს, რომ იყოს დესტაბილიზაცია. მთავარი პრობლემა არის, რომ გვყავს ჩვენ საქართველოში პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არის ანტიქართული პოლიტიკური გაერთიანება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მსგავსი შეხვედრები, საიდანაც ერთ-ერთზე თემურ ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადება გავრცელდა, სავარუდოდ, ყოველდღე იმართება.
„შეხვედრაზე ვიღაცამ ჩაწერა და გაავრცელა, თორემ ასეთი შეხვედრები იმართება ალბათ ყოველდღიურად ან ყოველ მეორე დღეს. სინამდვილეში, ასეთი პოლიტიკა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის პირდაპირი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია ქვეყანაში არეულობა და სამხედრო კონფლიქტი. ამიტომ ეს უბრალოდ არის ის აისბერგის წვერი, რომელიც ახლა გამოჩნდა. სინამდვილეში, ეს არის ანტიქართული გაერთიანების, ანტიქართული კოალიციის აისბერგი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშაა და სადაც ასევე არიან „ლელო“ და სხვა პარტიები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.