შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ დანაშაულს მოჰყვება სასჯელი და სასჯელს სჭირდება მოხდა, ამას უნდა შეეგუონ მისი მფარველები და მეგობრებიც
ჩვენ დადასტურებულად ვიცით კლინიკიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან და თუ არ თანამშრომლობს პაციენტი ექიმთან, თავისთავად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხდება , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და ექიმების მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილის და მისი გარემოცვის მიზანია, ის რაც შეიძლება დაუძლურდეს.
„მოვისმინეთ პირდაპირ სასოწარკვეთილი დამოკიდებულება კლინიკისგან, რომ ფაქტია, ექიმების, მიხეილ სააკაშვილის და მისი მეგობრების მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა. ექიმების მიზანია, ის იყოს ჯანმრთელი. სახელმწიფოს მიზანიც ეს არის, რომ ის იყოს, რაც შეიძლება ჯანმრთელი, რომ დარჩენილი ხუთი წელი მოიხადოს. მიხეილ სააკაშვილის და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ იქნებ რაღაც საბაბი შეიქმნას.
ამ საქმეში უკვე ვნახეთ ბევრი ტყუილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადვოკატები და მისი წარმომადგენლები დილით ამბობენ, რომ ის მოწამლეს, საღამოს ამბობენ, რომ არა, არ მოწამლეს. მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილი წერილს წერს რუს ბლოგერს, რომ ის პუტინის დავალებით მოწამლეს, იმავე დღეს მისი ოჯახის წევრი ამბობს, რომ არა, არ მოწამლეს, ეს ხომ აჩვენებს, რამდენად სანდოა მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის პოზიციები. ტყუილის სამყაროში ცდილობენ, რომ გვამყოფონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ისეთ პირობებში, როგორ პირობებშიც არ იმყოფება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი არცერთი პატიმარი.
„მიხეილ სააკაშვილი ერთ წელზე მეტია, იხდის სასჯელს და იხდის არა ციხეში, არამედ ის არის საავადმყოფოში, ვნახეთ რა პირობებშია. მიხეილ სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ ვიზიტორები ჰყავდეს, ექიმი იქნება თუ ადვოკატი, ვხედავთ, რომ მისი ოჯახის წევრები ყოველდღე არიან მასთან. 200-ზე მეტი ვიზიტორი მარტო პარლამენტის წევრი ჰყავდა. მასზე იხარჯება იმდენი საბიუჯეტო რესურსი სამედიცინო კუთხით, რამდენიც არცერთ პატიმარზე არ იხარჯება. ის არის ისეთ პირობებში, როგორ პირობებშიც არ იმყოფება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი არცერთი პატიმარი. ეს არის ფაქტი.
დაკავებული იქნა და შიმშილობა გამოაცხადა იმისთვის, რომ გაეთავისუფლებინათ. ის ყოველდღიურად ცდილობს, რომ როგორმე შექმნას საბაბი მისი გათავისუფლების. ეს იქნება პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე, პრეზიდენტზე, პარლამენტზე, ყველას მიმართ, რომ იქნებ მოხდეს მისი გათავისუფლება შეწყალებით ან სხვანაირად. ეს თუ ვერ მოხერხდა, ისეთ პირობების შექმნა მისი ჯანმრთელობის კუთხით, რომ იქნება ჯანმრთელობის მიზეზების გამო მოხდეს მისი სასჯელის გადავადება თუ გათავისუფლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობრები უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ სასჯელი უნდა მოიხადოს.
„რადიკალიზაციის ერთ-ერთი მიზეზი არაა სააკაშვილი და მისი მსჯავრი, არამედ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა იმ დანაშაულებებისთვის, რომელიც ჩადენილი აქვს მიხეილ სააკაშვილს. რა მომენტშიც მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობრები – რომლებიც სინამდვილეში მისი მტრები არიან, იმიტომ, რომ ისინი აგულიანებენ მას, თავი ჩაიგდოს ამ მდგომარეობაში, რომ იქნებ შექმნას საბაბი გათავისუფლების – შეეგუებიან უმარტივეს ჭეშმარიტებას ნებისმიერი სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსი, რომ დანაშაულს მოჰყვება სასჯელი და სასჯელს სჭირდება მოხდა, ზუსტად იმ მომენტში რადიკალიზაცია დასრულდება. „ნაციონალური მოძრაობა” თავადაც არის მძევალი ამ ვითარების. მათთვის და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მათაც უნდა დაისვენონ ამ საკითხისგან. მიხეილ სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ დანაშაულს მოჰყვება სასჯელი. ამას მისი მფარველები და მეგობრებიც უნდა შეეგუონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.