შალვა პაპუაშვილი - მიხარია, რომ ყველანაირად გამორჩეული შენობა შეემატა ჩვენს ქვეყანას, რაც მთავარია, იქნება პირველი არხის ახალი სახლი, საუკუნის მოვლენაა, რისი მოწმეც დღეს ვართ
მიხარია, რომ დღეს ყველანაირად გამორჩეული შენობა შეემატა ჩვენს ქვეყანას, შეემატა თბილისს და, რაც მთავარია, იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ახალი სახლი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პირველი არხის ახალი შენობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის ისტორიული, საუკუნის მოვლენა.
„მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა, მივესალმები ჩვენს დღევანდელ მასპინძლებს, პირველი არხის დირექტორს, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, პირველი არხის თანამშრომლებს, მივესალმები პრემიერ-მინისტრს, ქალაქ თბილისის მერს, ეკლესიის წარმომადგენლებს, ძვირფას დამსწრე საზოგადოებას. პირველად როდესაც პირველ არხზე აღმოვჩნდი, ეს იყო 35 წლის წინ, შესაბამისად, კოსტავას ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთ სტუდიაში იწერებოდა გადაცემა ანსამბლ „მართვეზე“. მახსოვს ჩემი პირველი დღე იმ შენობაში. რა თქმა უნდა, როგორც პატარა ბავშვი, პირველად ვიყავი ტელევიზიაში და მახსოვს, რა შეგრძნება იყო, როდესაც ხარ ასეთ განსაკუთრებულ დაწესებულებაში. ის ჩანაწერი, რომელიც დღეს თვალში მხვდება ხოლმე, რომ გადის ტელევიზიაში, არის პირველი არხის ოქროს არქივში ჩაწერილი და ისტორია პირველი არხის. მიხარია, რომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მაქვს შესაძლებლობა, თქვენთან ერთად ვიყო პირველი არხის კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მოწმე, როდესაც მისი ახალი შენობა იხსნება. რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 70 წლის წინ არის წინა შენობა აშენებული და ესეც გვაჩვენებს, რა მასშტაბის მოვლენასთან გვაქვს საქმე. წეღან ითქვა კიდეც, რომ ოცდამეერთე საუკუნეში პირველი არხის სხვა შენობა ალბათ არ აშენდება, ასე რომ, საუკუნის მოვლენა არის, რისი მოწმეც დღეს ვართ და ასეც დარჩება, აღიბეჭდება ჩვენს მოგონებებში.
პირველ არხს აქვს განსაკუთრებული ფუნქცია, პრემიერმაც ბრძანა, კონსტიტუციით გამყარებულიც კი. დღევანდელ სამყაროში, რომელიც სავსეა დეზინფორმაციით და ვართ საინფორმაციო ეპოქის თანამონაწილე, როდესაც ინფორმაციას შეუძლია, სიკეთეც გააკეთოს და ბოროტებაც, თანაბარი ძალით და ეფექტით, საზოგადოებრივი მაუწყებლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ თავად საზოგადოება იყოს ინფორმირებული. ამ ფუნქციის შესასრულებლად პირველ არხს სჭირდება როგორც შინაარსი, ისე ფორმა. შინაარსთან დაკავშირებით ითქვა, რა სტანდარტი აქვს დღეს პირველ არხს. ვინაიდან წინასაარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, უნდა გავიხსენოთ დასკვნები, რომლებიც ქვეყნდებოდა ხოლმე სხვა არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც პირველი არხი და, ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო არათუ გამორჩეული, არამედ ლამის ერთადერთი, სადაც შენიშვნაც კი არ იყო მის დაბალანსებულობასა და ობიექტურობაზე. ეს არის შინაარსი, რომელიც პირველი არხის კოლექტივმა შექმენით. რა თქმა უნდა, შინაარსს სჭირდება სათანადო ფორმაც, რათა ყველა კრეატიული იდეა განხორციელდეს ისე, როგორც ეს თანამედროვე მედიას ეკადრება. მიხარია, რომ დღეს მართლაც ყველანაირად გამორჩეული, მათ შორის, არქიტექტურულად გამორჩეული შენობა შეემატა ჩვენს ქვეყანას, შეემატა თბილისს და რაც მთავარია, იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ახალი სახლი. დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო გადაცემა გავა, შევა სხვადასხვა ოჯახში და იქნება ჩვენი საზოგადოების განვითარების თანამონაწილე. მინდა, პირველ არხს, მის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს განსაკუთრებული, ისტორიული, საუკუნის მოვლენა და გისურვოთ, რომ თქვენი საქმიანობა იყოს სავსე იმ სიხარულით, რომელიც დღეს მოგვენიჭა აქ ყოფნით. თავისთავად ეს ატმოსფეროც გავლენას მოახდენს თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.