შალვა პაპუაშვილი - მიდგომა თუკი არის ასეთი, რომ ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს სურვილის გამო, რომ იცოდეს, რაში იხარჯება ევროკავშირის ფული, მაშინ ეს უნდა თქვან ღიად
ვისურვებდი, ევროკავშირის ელჩისგან მოგვესმინა განცხადება, რომ ევროკავშირი მზად არის, გაასაჯაროოს ყველა ფინანსები, რომელიც ევროკავშირიდან შემოედინება საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გადახედვასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე, რომელიც მედიაში გავრცელდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიდგომა თუკი არის ასეთი, რომ ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს სურვილის გამო, რომ იცოდეს რაში იხარჯება ევროკავშირის ფული, მაშინ ეს უნდა თქვან ღიად.
„ვისურვებდი, ევროკავშირის ელჩისგან მომესმინა პირობა, რომ „ევროპის დემოკრატიული ფონდი“ აღარ იმოქმედებდა ფარულად სპეცსამსახურების მეთოდებით საქართველოში; ვისურვებდი ევროკავშირის ელჩისგან მომესმინა განცხადება, სადაც ევროკავშირი პასუხისმგებლობას აიღებდა საკუთარი მოქალაქეების ფულის ხარჯვაზე საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ფულის ნაწილი ფარულად იხარჯება საქართველოში; სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ფულის ნაწილი იხარჯება პოლიტიკური მიზნებით რადიკალიზაციის და ტერორის დასაფინანსებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ფულით, დღეს დაკავებული არიან ტერორით, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ მუქარით, სატელეფონო ზარებით, დახვედრებით, რაც, კიდევ ერთხელ, არის ლიბერალური ფაშისტური სტილი, რომელიც მკვიდრდება ორგანიზაციების მიერ, რომლებიც დაფინანსებული არიან ევროკავშირის ფულით. ამას ვისურვებდი ევროკავშირის ელჩისგან. ჯერ მინდა, მოვისმინო ის, რაც ქართველ ხალხს სურს, მოისმინოს, რადგან როდესაც წარმოადგენ ევროკავშირს, რომლის ფულიც აქ ფარულად იხარჯება, მგონი, პირველი პასუხისმგებლობა არის, რომ უზრუნველყო ამის გამჭვირვალობა. სხვა მხრივ, სხვა ყველანაირი განცხადება არის გაღმა შედავების სტილი იმისთვის, რომ გამოღმა მერე ვინმეს არ შეედავონ გაუმჭვირვალობაზე. მიდგომა თუკი არის ასეთი, რომ ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს სურვილის გამო, რომ იცოდეს, რაში იხარჯება ევროკავშირის ფული, მაშინ ეს უნდა თქვან ღიად, რომ ეს არის ქართველი ხალხის დასჯა, რადგან ქართველმა ხალხმა გაბედა და თავის ქვეყანაში მოითხოვა უცხო ფულის გამჭვირვალობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.