შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, ნიკა მელიაც არ უარყოფს, რომ კანონს არღვევს
ნიკა მელიაზე გადაწყვეტილება გამომდინარეობს მარტივი პრინციპიდან – არ იხდის გირაოს და არღვევს კანონს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია.
„თუ ადამიანი არღვევს კანონს, ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციური პარტიები იკრიბებიან, რათა განიხილონ ეს საკითხი. მათ მივმართავ, პასუხი გასცენ ორ შეკითხვას: პირველი – კანონის დარღვევას უნდა მოყვეს თუ არა სათანადო რეაგირება და მეორე – არღვევს თუ არა კანონს ნიკა მელია. ამ ორ შეკითხვას თუ ისინი გულწრფელად გასცემენ პასუხს, ყველაფერი ნათელი გახდება. ნიკა მელია არღვევს კანონს და აქ არა მხოლოდ ჩვენ ვართ ერთსულოვანი, არამედ ჩვენი ოპონენტებიც კი ერთსულოვანნი არიან და მგონი, ნიკა მელიაც არ უარყოფს, რომ კანონს არღვევს. თუ კანონს არღვევს, არანაირი კითხვის ნიშანი რეაქციასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი პოლიტიკური მოტივი აქ შეიძლება ჰქონდეს ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.