შალვა პაპუაშვილი - მეგობრული შეხვედრები გვქონდა ლიხტენშტაინში პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ეს აჩვენებს, რომ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა იზრდება
ძალიან მეგობრული და პარტნიორული შეხვედრები გვქონდა ლიხტენშტაინში როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრა შედგა ლიხტენშტაინის ინსტიტუტში.
„ყველგან ყველანაირი მხარდაჭერა აღვიქვეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ ლიხტენშტაინი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, რა თქმა უნდა, ის მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყანაა, რომელსაც ამ პროცესში საკუთარი სიტყვა ეთქმის, მით უმეტეს, რომ ისინი ეკონომიკური გაერთიანების მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან. ეს იყო საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მოჰყვა შარშან ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში პირველ ვიზიტს. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა იზრდება, მნიშვნელოვანია ამ დინამიკის შენარჩუნება, ქვეყნებს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების განვითარება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.