შალვა პაპუაშვილი - რიგგარეშე არჩევნების საკითხი ევროპისთვის, ამერიკისთვის და ჩვენთვისაც დახურულია, რეალურ პრობლემებს უნდა მივხედოთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე პოლიტიკურ პარტიებთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ ოპონენტები ცდილობენ, ქვეყანას საკუთარი დღის წესრიგი მოახვიონ და ხელოვნური კრიზისი შექმნან.
„როგორც ატყობთ, ჩვენ ოპოზიციასთან არანაირი აქტიური მოლაპარაკება არ გვაქვს. ეს პროცესი არათუ ჩვენ შევწყვიტეთ, თქვენ ნახეთ, კრისტიან დენიელსონმაც საკუთარი ვიზიტი შეწყვიტა და ბრიუსელში დაბრუნდა. დღეს არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და სხვათაშორის, სწორედ ამას შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადება.
არჩევნების შემდეგ ხუთი თვე გავიდა და ოპონენტები ცდილობენ, ქვეყანას საკუთარი დღის წესრიგი მოახვიონ, შექმნან ხელოვნური კრიზისი, რომელიც მათ შორის დამტკიცდა იმით, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი საერთოდ არ წარმოადგინა მედიატორმა. ეს ნაწილი დახურულია ევროპისთვის, ამერიკისთვის და ჩვენთვისაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი რომ ხელოვნური კრიზისია, გაშიშვლდა იმ საღამოს, როცა ოპოზიციამ ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა, დოკუმენტი დაიწუნა და მას „კოჭლი დოკუმენტი“ უწოდა. ჩვენ უნდა მივხედოთ რეალურ პრობლემებს, რაც გვაქვს და არა ხელოვნურ პრობლემებს, რომელსაც ოპოზიცია ქმნის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.