შალვა პაპუაშვილი - მედიას გუშინ პირადადაც განვუმარტე აკრედიტაციის შესახებ, დარწმუნებული ვარ, ეს რეგულაცია ხელს შეუწყობს პარლამენტის შიგნით ჩვენს თანამშრომლობას
მედიასაშუალებების აკრედიტაციის საკითხს რაც შეეხება, თავისთავად, ეს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა. ერთ რამეს მოგიწოდებთ, საკითხებს, რომელსაც პოლიტიზება არ სჭირდება, ნუ დაიწყებთ ამის პოლიტიზებას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მედიააკრედიტაციის წესის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მედიააკრედიტაციის წესი დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. მისი თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს სამუშაო ატმოსფერო და ასევე უზრუნველყოფილი იყოს მედიისთვის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.
„რეგულაციებს რაც შეეხება, ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას. პარლამენტის შენობა არ არის საჯარო სივრცე. ეს არის დაწესებულება, ორგანიზაცია, სადაც მედიის საქმიანობისთვის საჭირო არის შესაბამისი დაშვება/ნებართვა. აბსოლუტურად ყველა პარლამენტში ამას აკრედიტაციის სახე აქვს და ეს აკრედიტაცია თავისთავად გულისხმობს შესაბამისი ქცევის წესებს. დეპუტატებს, ოპოზიციას მოგმართავთ, კიდევ ერთხელ, თუკი ვინმეს აქვს კრიტიკული წარმოდგენა აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით, აქ არის ორი პრინციპი და ორი სიკეთე, რომელიც ერთმანეთს უნდა შევუთავსოთ. ერთი, ეს გახლავთ საზოგადოების ინტერესი, რომ ჰქონდეს ინფორმაცია პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით და მეორე ინტერესი გახლავთ, რომ საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, მის ვიზიტორებს ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო გარემო. ეს არის ორი ინტერესი და სწორედ ამ ინტერესების შეფარდებით იქნა ეს რეგულაცია მიღებული. მოგიწოდებთ ყველას, ეს კეთდება განსაკუთრებით თქვენთვის, რადგან, ერთი მხრივ, უნდა იყოს სამუშაო ატმოსფერო, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს, რომ მედიას ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საზოგადოებისთვის.
მედიას გუშინ პირადადაც განვუმარტე ამ რეგულაციისა და აკრედიტაციის შესახებ და დარწმუნებული ვარ, ეს რეგულაცია, პირიქით, ხელს შეუწყობს ჩვენს თანამშრომლობას პარლამენტის შიგნით და სამუშაო ატმოსფეროს უზრუნველყოფას. არა მხოლოდ დეპუტატებისთვის, არამედ აპარატის თანამშრომლებისთვის და ასევე ვიზიტორებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს გამოეხმაურა და შალვა პაპუაშვილს მიმართა: „ძალიან სამწუხაროა, რომ გადაწყვიტეთ, ერთპიროვნულად მიგეღოთ რეგულაციები მედიისთვის“.
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია.
ამასთან, პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესის მოკლე აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.