შალვა პაპუაშვილი - მძიმე მოსასმენია, როცა კონგრესში ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც დეზინფორმაციას იმეორებენ, თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მის მიმართ მოპყრობა არის ცუდი
შალვა პაპუაშვილი - მძიმე მოსასმენია, როცა კონგრესში ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც დეზინფორმაციას იმეორებენ, თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მის მიმართ მოპყრობა არის ცუდი

მძიმე მოსასმენია, როცა კონგრესში ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ანტიქართულ დეზინფორმაციას იმეორებენ, თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მის მიმართ მოპყრობა არის ცუდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და გაუგებარია, რა შეიძლება იყოს კიდევ არგუმენტები იმისა, რომ ხელისუფლებას ორი წლის განმავლობაში დეზინფორმაციის წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა.

„უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთი დეზინფორმაცია ვნახეთ საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა არის ცუდი, თითქოს ის პოლიტპატიმარია. არ ვიცი, რაღა უნდა მოხდეს ამ პლანეტაზე, რა შეიძლება, კიდევ იყოს არგუმენტი იმის, საქართველოს ხელისუფლებას რამხელა დეზინფორმაციის წინააღმდეგ გვიწევდა ბრძოლა ორი წლის განმავლობაში. სტრასბურგმა თქვა, ხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანსაღად არის, ენერგიულადო. გარდა ამისა, ყველამ ხომ ვიცით, რა სიმულაციასთან, მანიპულაციასთან, ტყუილთან, ანტიქართულ ტალღასთან გვქონდა საქმე. ამის შემდეგ მძიმე მოსასმენია, როცა კვლავ ვხედავთ კონგრესში ადამიანებს, რომლებიც ანტიქართულ დეზინფორმაციას იმეორებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს. განხილვაზე ე.წ. მოწმეების სახით მიწვეული იყვნენ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი, რომლებმაც შეკითხვებს უპასუხეს.