შალვა პაპუაშვილი - მდინარაძის სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილია, დარბაზიდან დაისვა კითხვა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ წახალისებაზე და ამ კონტექსტში იყო საკითხები განხილული
შალვა პაპუაშვილი - მდინარაძის სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილია, დარბაზიდან დაისვა კითხვა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ წახალისებაზე და ამ კონტექსტში იყო საკითხები განხილული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სუროგაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და შინაარსობრივად დამახინჯებული.

პაპუაშვილის განმარტებით, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისას, კითხვა შეეხებოდა სახელმწიფოსგან რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ წახალისებას და ამ კონტექსტში იყო საკითხები განხილული.

„სინამდვილეში, ჩვენ რასაც ვაკვირდებით და ამ მხრივ მედიის დაფარვასაც ვაკვირდებით, არის რამდენიმე მედიაჯგუფი, რომელიც ზუსტად დაინტერესებულია ლგბტ პროპაგანდით. ამიტომ ჩასაფრებულია ამ დისკუსიებში და ცდილობს, კონტექსტიდან ამოგლეჯილად სიტყვები ერთმანეთს მიაწებოს, რათა შეებრძოლოს კანონპროექტს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესშია. ჩვეულებრივი ლგბტ პროპაგანდის მეთოდებია გამოყენებული. სინამდვილეში, საკითხი იყო აბსოლუტურად სხვა, კითხვა შეეხებოდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ წახალისებას. დარბაზიდან იყო კითხვა ამასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ოჯახებში უზრუნველყოს, ერთი მხრივ, წაახალისოს მრავალშვილიანობა, მათ შორის, უშვილობის შემთხვევაში შესაბამისად დახმარება. ამ კონტექსტში იყო განხილული საკითხები. როგორც იცით, დაინიცირებულია კანონპროექტი სუროგაციასთან დაკავშირებით და სუროგაციის კანონპროექტის ფარგლებში, ამ კონტექსტში იყო საუბარი, რომელიც აბსოლუტურად ამოგლეჯილია, რაც მთავარია, თემაც არ არის. კონტექსტი იყო აბსოლუტურად სხვა, წინადადება იყო სხვანაირად ფორმულირებული, კითხვა იყო სხვა, პასუხი იყო სხვა და შინაარსობრივად იყო დამახინჯებული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.