შალვა პაპუაშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები არის ევროკავშირის მოთხოვნა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პროექტი ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაშია
შალვა პაპუაშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები არის ევროკავშირის მოთხოვნა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პროექტი ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაშია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები არის ევროკავშირის დირექტივის იმლემენტაცია საქართველოში.

პაპუაშვილის განმარტებით, ევროკავშირმა აღნიშნული დირექტივის იმპლემენტაციის თაობაზე საქართველოს ოფიციალურად რამდენჯერმე მიმართა.

„ამ კანონის მიღება განპირობებულია სწორედ ევროკავშირთან დაახლოებით, ეს გახლავთ ევროკავშირის დირექტივის იმპლემენტაცია საქართველოში. მათ შორის ეს არის მოთხოვნა ევროკავშირის და ჩვენ ოფიციალურად რამდენჯერმე მოგვმართა, მათ შორის რამდენიმე კვირის წინაც ევროკომისიამ წერილით, რომ მოგვეხდინა ამ დირექტივის იმპლემენტაცია საქართველოში, თუკი არ მოხდება ოქტომბრამდე ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შეეზღუდება წვდომა შემოქმედებითი ევროპის ფონდებზე. იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე არ გვქონდა (ეს დირექტივა), ისედაც შეზღუდული გვქონდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ახლა საბოლოოდ არ მივიღებთ და არ მოვახდენთ ამ დირექტივის იმპლემენტაციას, საერთოდ გავირიცხებით შემოქმედებითი ევროპის გაერთიანებიდან და საერთოდ არ გვექნება წვდომა. ამიტომ ეს არის მოთხოვნა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამავდროულად, პაპუაშვილი ამბობს, რომ წარმოდგენილი პროექტი ევოკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაშია.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან არის შესაბამისობაში. ეს პროექტი არათუ კონსულტაცია გავლილია, 2018 წლიდან არის უკვე პარლამენტში, 2018 წლიდან არის ინიცირებული, შემუშავდა ევროკავშირის ექსპერტების მიერ და მათი დახმარებით. 2018 წელს დირექტივაში შევიდა ცვლილებები და მოხდა ამ პროექტის ამ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და ინიცირება. რაც შეეხება განხილვებს, მე ვიცი წუხილები, თუ კითხვები, რაც არსებობს, მეც მქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი, ვიცი, რაც არის, საბოლოო ჯამში ღია ფორმატში განიხილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონის ახალი მუხლით განისაზღვრება იმ პირთა უფლება, რომელთა ინტერესები, რეპუტაცია და სახელი სატელევიზიო გადაცემაში არასწორი ფაქტების გადაცემით დაზიანდა. ამავდროულად, კანონპროექტის მიხედვით, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედია მომსახურება და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურება ავტორიზაციას დაექვემდებარება.