შალვა პაპუაშვილი - მართალია, ვანო მერაბიშვილმა კანონის წინაშე სასჯელი მოიხადა, თუმცა დანაშაულები, რაც ჩაიდინა, არ აძლევს მორალურ უფლებას, იყოს აქტიურ პოლიტიკაში
შალვა პაპუაშვილი - მართალია, ვანო მერაბიშვილმა კანონის წინაშე სასჯელი მოიხადა, თუმცა დანაშაულები, რაც ჩაიდინა, არ აძლევს მორალურ უფლებას, იყოს აქტიურ პოლიტიკაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გამოჩნდა, რეალურად ვინ მართავს პროცესებს „ნაციონალურ მოძრაობაში“.

პაპუაშვილის თქმით, ჩადენილი დანაშაულები მერაბიშვილს არ აძლევს მორალურ უფლებას, იყოს აქტიურ პოლიტიკაში.

„უკვე თავადაც ადასტურებენ, რაზეც ჩვენ დიდი ხანი ვსაუბრობდით – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოლიგარქიულ, არაფორმალურ მმართველობაზე. ვხედავთ, რეალურად ვინ მართავს პროცესებს „ნაციონალურ მოძრაობაში“. ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში ასე გამოჩენა – ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ამ პროცესს, ვინ მიიღებს მას პოლიტიკაში, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი მხარდამჭერებიდან როგორი რეაქცია ექნება ამას. ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც დადასტურებულად ჩაიდინა რამდენიმე დანაშაული, თუ არ ვცდები, გასამართლებული იყო რამდენიმე საქმეზე, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, 26 მაისის დემონსტრაციის დარბევის საქმეზე, ამ საკითხებზე, რომლებიც ეხება მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და მოძალადეების მართლმსაჯულებისგან დახსნას, რომელიც ეხება ავტორიტარული რეჟიმის პირდაპირ შექმნას და დემონსტრაციის დარბევას. ეს ადამიანი ახლა ცდილობს, თავი დაიმკვიდროს სხვა პოლიტიკაში. მართალია, მან კანონის წინაშე სასჯელი მოიხადა, თუმცა დანაშაულს აქვს როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური განზომილება და ის დანაშაულები, რაც მან ჩაიდინა, არანაირად არ აძლევს მორალურ უფლებას, იყოს აქტიურ პოლიტიკაში. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანია და უნდა დავაკვირდეთ, რამდენად გაემიჯნებიან მას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, შევხედოთ, რა მორალურ პრინციპებზე დგანან ის მხარდამჭერები, რომლებსაც ხშირად ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით. ვგულისხმობ მათ უცხოელ ლობისტებს და მხარდამჭერებს. ვიმეორებ, ერთია კანონის წინაშე ვალდებულების მოხდა და, დიახ, მან სასჯელი კანონის წინაშე მოიხადა, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მას იმ მორალური პასუხისმგებლობისგან, რომელიც აქვს დაზარალებულთა მიმართ, რომლებიც სწორედ იმ რეჟიმის გამო იყვნენ დაზარალებული, როგორც, ზოგადად, სისტემა, ისე ადამიანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის განმარტებით, აუცილებლად უნდა დააკვირდნენ და შეაფასონ ყველა ადამიანი, ვინც ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურად ჩამოართმევს ხელს.

„2012 წელს ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთებთან აჯანყდა იმის გამო, რომ საქართველოში შექმნილი იყო პოლიციური რეჟიმი, რომელიც დაფუძნებული იყო ადამიანის ჩაგვრაზე. ამ რეჟიმის მთავარი შემოქმედი რომ ვანო მერაბიშვილია, ამაზე მიხეილ სააკაშვილმაც კი ისაუბრა, თუ სწორად მახსოვს. თავად „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ამაზე საუბრობენ. ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმის, სისტემის ერთ-ერთი არქიტექტორი გახლავთ ვანო მერაბიშვილი და ამას რაიმე დრამატიზება არ სჭირდება, იმდენად დრამატულია თავად ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელმაც 21-ე საუკუნეში შექმნა ადამიანის ჩაგვრის სისტემა, რომელიც იწყებოდა ადამიანის მორალური ტერორიდან და თვალთვალიდან, სრულდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადამიანის წამებით, ამ სისტემის ამწყობი ადამიანი დღეს ცდილობს, ფეხი მოიკიდოს პოლიტიკაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.