საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ჯორჯ ველას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და მალტას საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებთ.
„შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და მის ნეგატიურ შედეგებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზე, საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჯორჯ ველამ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი მალტის მხარდაჭერა დააფიქსირა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.