შალვა პაპუაშვილი - მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც აჩვენა სიბრძნე, დაანახა ყველას, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე, საქართველოს მხარე და ერთი არჩევანი, დადგე საქართველოს მხარეს
მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც აჩვენა სიბრძნე და დაანახა ყველას, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე, საქართველოს მხარე და ერთი არჩევანი, დადგე საქართველოს მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია.
„დროსთან ერთად გაიფანტა დეზინფორმაციით შექმნილი ყველა მითი, დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობას, ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას. რაც მთავარია, მოქალაქეს მისცემს ბერკეტს, რომ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება მოხმარდეს მის ინტერესს და არა მხოლოდ დონორის და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ინტერესს. ამიტომაც არის ეს კანონი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი.
მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აჰყვა ტყუილის, სიძულვილის ნიაღვარს და დაანახა ყველას შინ და გარეთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე – საქართველოს მხარე და არსებობს მხოლოდ ერთი არჩევანი – დადგე საქართველოს მხარეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა.