შალვა პაპუაშვილი - მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აჰყვა დეზინფორმაციულ შტურმს, რომელიც შიგნიდან და გარედან ორგანიზებულად მოდიოდა
მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც ამ ორთვიანი ეპოპეის განმავლობაში კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, რომ არ აჰყვა იმ დეზინფორმაციულ შტურმს, რომელიც შიგნიდან და გარედან ორგანიზებულად მოდიოდა და დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს მხარი დაუჭირა, მან მხარი დაუჭირა უცხოური ფულის გამჭვირვალობას საქართველოში.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც ბოლო ორი თვის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა დისკუსიებში და საბოლოოდ დაადასტურა ამ კანონის მხარდაჭერა, მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფს, „სოციალისტებს“. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც ამ ორთვიანი ეპოპეის განმავლობაში კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, რომ არ აჰყვა იმ დეზინფორმაციულ შტურმს, რომელიც შიგნიდან და გარედან ორგანიზებულად მოდიოდა და დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ეს კანონი სათაურშივე აცხადებს, რა არის მიზანი, გვაჩვენებს, რას უჭერენ მხარს ისინი, ვინც მხარი დაუჭირა და რას ეწინააღმდეგებიან, ვინც მხარი არ დაუჭირა. ისინი, ვინც მხარი დაუჭირეს ამ კანონს, მხარს უჭერენ, რომ ჩვენს ქვეყანაში უცხოური ფულით გავლენები უნდა იყოს ცხადი, გამჭვირვალე და მათ, ვინც მხარი არ დაუჭირა, მხარი დაუჭირეს, რომ ეს ყველაფერი არ იყოს ცხადი და გამჭვირვალე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.