შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტებსა და პარლამენტის წევრებს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზებსა და საპარლამენტო კავშირების გააქტიურებაზე.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ლუქსემბურგთან, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელ ქვეყანასთან, ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლუქსემბურგელ კოლეგებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესი გააცნო.
ლუქსემბურგის მხარემ გამოხატა საქართველოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზაობა და აღნიშნა, რომ ლუქსემბურგი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირის წევრობის გზაზე. შეხვედრაზე მხარეები ასევე შეეხნენ სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, აგრეთვე საქართველოს მზარდ სატრანზიტო როლსა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დეპუტატები მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.