შალვა პაპუაშვილი - ლომჯარიას ორგანიზაცია ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროკავშირის პასუხისმგებლობაა, როცა ფაშისტური კამპანიები შესაძლებელი ხდება მათი ბიუჯეტიდან დაფინანსების წყალობით
ყოფილი სახალხო დამცველი ავრცელებს პერსონალურ ინფორმაციას, თან ისეთი კონტექსტით, რითიც ადამიანებს პირდაპირ მონიშნავს თავდასხმის სამიზნედ. ის დღეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის პასუხისმგებლობაა, როდესაც ფაშისტური კამპანიები შესაძლებელი ხდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსების წყალობით.
„ყოფილი სახალხო დამცველი ავრცელებს პერსონალურ ინფორმაციას, თან ისეთი კონტექსტით, რითიც ადამიანებს პირდაპირ მონიშნავს თავდასხმის სამიზნედ. ის ავრცელებს სიებს, სადაც არიან ჩვენი კოორდინატორები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ამომრჩეველთან კავშირზე ყოფნაზე, ამომრჩეველთან დაკავშირებაზე, ავრცელებს ამ სიებს, ამ ადამიანების სახელებსა და გვარებს. ერთ-ერთ სიაში მას წაშლილი აქვს პირადი ნომრები. ეტყობა, ვერ ხვდება, რომ სახელი და გვარიც პირადი ინფორმაციაა. ავრცელებს ამ ინფორმაციას, თან იმ კონტექსტში, რომ მონიშნული ჰყავს ისინი, როგორც სამიზნე ვერბალური თუ ფიზიკური თავდასხმისა. ქალბატონი ყოფილი სახალხო დამცველი დღეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ის ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ასეთი ფაშისტური კამპანიები როდესაც შესაძლებელი ხდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსების წყალობით, ეს ევროკავშირის პასუხისმგებლობაა. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფინანსებელი არის „ევროპის დემოკრატიის ფონდი“. შეგახსენებთ, ეს ის ფონდია, რომელიც ფარულად ხარჯავს ფულს საქართველოში, მათ შორის, პოლიტიკურ აქტივობებში და პოლიტიკურ პარტიებში. ეს არის შედეგი საბოლოო ჯამში – ყოფილი სახალხო დამცველი, არ ვიცი, რანაირად იყო ეს ადამიანი ამდენი ხანი სახალხო დამცველი, როცა ვერ ხვდება, რომ ამხელა დარღვევას ჩადის, როდესაც ადამიანების პერსონალურ ინფორმაციას ავრცელებს. თან იმ კონტექსტში, რომ ის, ასე ვთქვათ, მტრად ჰყავს მონიშნული შესაბამისი კლავიატურის ვერბალური ლომებისა და ზოგიერთი ფიზიკური მოძალადისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.