შალვა პაპუაშვილი - ლევან ვარშალომიძეს ორი წლის განმავლობაში 56 ათასი ლარი მხოლოდ ხელფასად აქვს მიღებული და ერთი დღე ნამყოფიც კი არ არის პარლამენტის შენობაში
შალვა პაპუაშვილი - ლევან ვარშალომიძეს ორი წლის განმავლობაში 56 ათასი ლარი მხოლოდ ხელფასად აქვს მიღებული და ერთი დღე ნამყოფიც კი არ არის პარლამენტის შენობაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ვარშალომიძეს ორი წლის განმავლობაში 56 ათასი ლარი მხოლოდ ხელფასად აქვს მიღებული და ერთი დღე ნამყოფიც კი არ არის პარლამენტის შენობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაზე, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას ეხება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ასეთი ტიპის ანგარიშებს ყოველთვის ყურადღებით აკვირდება.

„გარკვეულწილად გასაგებია სტატისტიკის წარმოება და არითმეტიკა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ მანიპულაციის საფუძველი არ გახდეს. თქვენ რისი ციტირებაც გააკეთეთ, რომ არსებობენ დეპუტატები, რომლებიც სიტყვით არ გამოსულან, ეს არაფერს არ ამბობს საერთოდ, ეს არ მეტყველებს მათ საპარლამენტო საქმიანობაზე. პარლამენტის წევრის საპარლამენტო საქმიანობა არის სხვადასხვაგვარი, მათ შორის ჩვენ ამ მოწვევის პარლამენტში ჯერ კიდევ გვყავს მაჟორიტარი წევრები და მათ აქვთ სხვა განრიგი, სხვა ფორმატი, სხვა ფუნქცია, ამიტომ ეს არის არასწორი სტატისტიკა და შედარება. თუმცა თუკი სტატისტიკა აინტერესებთ, მაგალითად, ბატონი ლევან ვარშალომიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, არათუ პარლამენტში სიტყვით არ გამოსულა, არამედ პარლამენტის, კომიტეტის არც ერთ სხდომას არ დასწრებია და ორი წლის განმავლობაში საერთოდ პარლამენტის შენობაში არ არის ნამყოფი. იცით, რომ საპროცედურო კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია, რომ მანდატი შეუწყდეს და ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება არასამთავრობო სექტორს, რადგან ჩვენ გვახსოვს, წინა შემთხვევები, როდესაც იყო შალვა ნათელაშვილი ან ელენე ხოშტარია, რომლებიც ასევე არც ერთი დღე არ ყოფილან პარლამენტში, მაშინ თითქოსდა მოყვა კრიტიკა, რატომ შეუწყდა ადამიანებს მანდატი. ეს არის სწორედ ორმაგი სტანდარტი, როდესაც ერთი მხრივ, მანიპულაციურად ხდება წარმოჩენა, თითქოს სიტყვით გამოსვლა-არგამოსვლა იყოს განმსაზღვრელი პარლამენტარის აქტიურობისა და მეორე მხრივ, ლევან ვარშალომიძეს 56 ათასი ლარი მხოლოდ ხელფასად აქვს მიღებული ამ პერიოდს განმავლობაში და ერთი დღე ნამყოფიც კი არ არის პარლამენტის შენობაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.