შალვა პაპუაშვილი - „ლელოს“ როლია „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტობა, სამუშაო ჯგუფში ჩანდა, რომ ყოველთვის „ლელო“ ასრულებდა ჩამშლელის როლს
„ლელომ“ საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირა, პარტიამ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა და მათი გადაწყვეტილება პირდაპირი ნიშანია, რომ ამ შეთანხმებას არღვევენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ უერთდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 40-პროცენტიანი ბარიერი არის ოპოზიციის წინადადება.
„მათი განმარტება, რომ მხარი არ დაუჭირეს, რადგან 40-პროცენტიანი ბარიერია მაჟორიტარი დეპუტატებისთვის და „ლეიბორისტული პარტია“ ვერ იღებს საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილს, მოგონილი არგუმენტებია. მათ შესახებ ასეთი დაბალი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ვიფიქრო, ვერ გაერკვნენ საკითხში. 40-პროცენტიანი ბარიერი არის ოპოზიციის წინადადება. ეს თავის დროზე „რესპუბლიკელებმა, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დააყენეს. ახლა ისეთი პოზის დაჭერა, რომ ეს მათთვის სიახლე იყო, სასაცილოა. საარჩევნო ბარიერი არის ყველასთვის და ეს არის მიზეზი, რომ საკუთარი ქცევა გაამართლონ. როგორ ჩანს, „ლელო“„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ერთ სტრატეგიაზე დალაგდნენ. სხვათაშორის, სამუშაო ჯგუფში ჩანდა, რომ ყოველთვის „ლელო“ ასრულებდა ჩამშლელის როლს და ეს ბოლომდე შეასრულეს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მხარი არ დაუჭირეს. „ლელოს“ როლია „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტობა, როგორც 19 აპრილის რიგებში ყოფილიყო საცეცე „ნაციონალური მოძრაობისა“ და ევროპული საქართველოს“. ეს გავლენებია, რომელსაც ვხედავთ. „ლელოს“ ფრაქციას შეხედეთ – მათ საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობს „ნაციონალების“ ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი, იურიდიულს – „ევროპული საქართველოსი“ შალვა შავგულიძე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.