შალვა პაპუაშვილი - „ლელომ“ თავად დატოვა 19 აპრილის შეთანხმება, ახლა გვევლინება მის დამცველად, ეს არის ქართული პოლიტიკის ის ფარისევლობა, რომელიც, სამწუხაროდ, მედიალანდშაფტში იმალება
შალვა პაპუაშვილი - „ლელომ“ თავად დატოვა 19 აპრილის შეთანხმება, ახლა გვევლინება მის დამცველად, ეს არის ქართული პოლიტიკის ის ფარისევლობა, რომელიც, სამწუხაროდ, მედიალანდშაფტში იმალება

„ლელომ“ თავად დატოვა 19 აპრილის შეთანხმება და ახლა გვევლინება ამ შეთანხმების დამცველად, ეს არის ქართული პოლიტიკის ის ფარისევლობა, რომელიც სამწუხაროდ​, მედიალანდშაფტში იმალება ხოლმე, მაგრამ ყველაფერი დამალული ადრე თუ გვიან ყოველთვის ცხადი ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი მოთხოვნა ოპოზიციის მიმართ 19 აპრილის შეთანხმებაში იყო პარლამენტში შესვლა და მუშაობა.

„19 აპრილის შეთანხმებას რაც შეეხება, რამდენიმე დღის წინ „ლელოსგან“ მოვისმინეთ მოწოდება, რომ შევუერთდეთ 19 აპრილის შეთანხმებას. „ლელომ“ თავად დატოვა 19 აპრილის შეთანხმება. თქვენ იცით, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ერთადერთი მოთხოვნა ოპოზიციის მიმართ იყო პარლამენტში შესვლა და იქ მუშაობა. პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ საკუთარი განცხადებით დატოვა პარლამენტი. მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა. რაზეა ახლა საუბარი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე არღვევს 19 აპრილის შეთანხმებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გვევლინება ამ შეთანხმების დამცველად. ეს არის სწორედ ქართული პოლიტიკის ის ფარისევლობა, რომელიც სამწუხაროდ, მედიალანდშაფტში იმალება ხოლმე, მაგრამ ყველაფერი დამალული ადრე თუ გვიან ყოველთვის ცხადი ხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარტია „ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაუბრუნდეს შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებას.