შალვა პაპუაშვილი - „ლელო“ პირდაპირ მიდის იქით, რომ ჩაშალოს 19 აპრილის შეთანხმება, სამწუხაროა, რომ ადამიანები პატივს არ სცემენ საკუთარ ხელმოწერას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ლელოს“ მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტისთვის მხარის არდაჭერა 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაა.
„არგუმენტაცია იყო, თითქოს ეს პროექტი სრულად არ ასახავს 19 აპრილის შეთანხმებას. სხვა პარტიებმა, ვინც კომიტეტზე იყვნენ წარმოდგენილი, მხარი დაუჭირეს. „ლელო“ იყო ერთადერთი პარტია, ვინც თავი შეიკავა და არგუმენტად მოჰყავდათ ის, რომ ცესკო-ს არსებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს მათი ან გადანიშვნა, ან სხვა რაღაც ზომები იქნას მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ელჩმა სპეციალურად განაცხადა, მაგალითად, თამარ ჟვანიას საკითხი არ იყო 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი, სამწუხაროდ, „ლელო“ პირდაპირ მიდის იქითკენ, რომ ჩაშალოს 19 აპრილის შეთანხმება. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები პატივს არ სცემენ საკუთარ ხელმოწერას და ცდილობენ, განმარტებები დაიწყონ მაშინ, როდესაც არ არის ამის საფუძველი. ეს სამწუხაროდ ხელშეკრულების დარღვევაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა, ფრაქცია „ლელოს“ წევრებმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.