შალვა პაპუაშვილი - კრწანისის ოლქში ყველა უბანზე უკვე ელექტრონულად დათვლილია ხმები, რომლის მიხედვით კახა კალაძეს 56,9 პროცენტი აქვს
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა სასიხარულოა, რადგან მოქალაქეებმა დემოკრატიულ პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
მისივე თქმით, ინციდენტები, რაც არჩევნების დღეს ხდებოდა, სიტყვიერ დაპირისპირებას არ გასცდენია და საერთო ჯამში, საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
„აქტივობის შესახებ ცესკო-მ უკვე საბოლოო მონაცემები გაგაცნოთ. იცით, გვქონდა ძალიან მაღალი აქტივობა, რაც სასიხარულოა. ჩვენმა მოქალაქეებმა ამ დემოკრატიულ პროცესში მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი აზრი დააფიქსირეს. ამას გარდა, იცით, რომ ჩვენ აღვრიცხავდით ინციდენტებს. მიუხედავად იმისა, რა შთაბეჭდილება იქმნებოდა ეკრანიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის, თითქოს იყო აყალმაყალი სხვადასხვა უბანზე, საბოლოო ჯამში, დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ დაპირისპირებას. იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე პროვოკატორი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ გაათავისუფლეს. ასე რომ, ძირითადად ისეთივე სიტუაცია გვქონდა, როგორიც 2 ოქტომბერს იყო. ძირითადად ზუგდიდში და თბილისის ზოგიერთ რაიონში იყო ინციდენტები. საერთო ჯამში, პროცესმა ჩაიარა საკმაოდ მშვიდად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე საზოგადოებას განუცხადა, რომ მოქალაქეებს საარჩევნო პორტალის საშუალებით შეუძლიათ, თვალი ადევნონ „ქართული ოცნების“ პარალელური დათვლის შედეგებს.
„ჩვენ ვაწარმოებთ პარალელურ დათვლას. პარალელური დათვლის რეჟიმი უკვე ჩაირთო, ასე რომ, ჩვენს საარჩევნო პორტალზე თქვენ შეგიძლიათ ამ წუთიდან უკვე ადევნოთ თვალი პარალელური დათვლის შედეგებს. პარტიები, დამკვირვებლები იღებენ ოქმებს უბანზე, როდესაც ხდება მისი შედგენა, ხელმოწერა. ეს ასლები აიტვირთება და დაჯამდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კრწანისის ოლქს, როგორც პაპუაშვილი ამბობს, ყველა უბანზე უკვე ელექტრონულად დათვლილია ხმები, რის მიხედვითაც კახა კალაძე იმარჯვებს.
„კრწანისში ელექტრონული მთვლელის საშუალებით ჩატარდა არჩევნები, ასე რომ, ყველა უბანზე უკვე ელექტრონულად დათვლილია ხმები. ელექტრონული მთვლელების შედეგების მიხედვით იცით, რომ უბნის დახურვის მომენტშივე ეგრეთ წოდებულ ჩეკს იძლევა ეს ელექტრონული მანქანა, სადაც არის უკვე დათვლის შედეგები ასახული. ამ დათვლის შედეგების მიხედვით 56,9 % აქვს კახა კალაძეს და 43,1 % ნიკა მელიას.
რაც შეეხება მათემატიკას, აქ ოპოზიცია რომ მოიკოჭლებს და „ქართული ოცნება“ ძლიერად არის არა ერთხელ დამტკიცდა. დააკვირდით, რას აცხადებენ ჩვენი ოპონენტები, ისინი არჩევენ სპეციფიკურად იმ უბნებს, სადაც მათ აქვთ მართლაც უფრო მეტი ხმა, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, ანუ მთელი ოლქიდან იღებენ რამდენიმე უბანს, სადაც მათ აქვთ უპირატესობა და უნდათ ეს გაყიდონ, თითქოს არის მოგება. ეს გააკეთეს მაგალითად, ქუთაისის შემთხვევაში.
თუ ნახავთ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 70-ე, 88-ე და 92-ე უბნის შედეგები, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უფრო კარგი შედეგი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ და შეადარეთ ეს შედეგები 2 ოქტომბრის შედეგებს. ნახავთ, რომ ამ უბნებში მაშინაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა მეტი შედეგი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, ანუ ისინი სპეციალურად არჩევენ უბნებს, რომ ეს შედეგი აჩვენონ. დარწმუნებული ვარ, ცესკოც მალე იტყვის თავის შედეგებს. ნიკა მელიამ კრწანისის ოლქის ფონიჭალის სამი უბანი მოიგო, დანარჩენი წააგო. სწორედ ეს არის მანიპულაცია, რადგან ისინი ამორჩევით ამბობენ იმ უბნებს, რომლებიც მოიგეს და ამით მანიპულაციას ცდილობენ. როგორც შერჩევითი სამართალი ჰქონდათ, როგორც შერჩევითი დამოკიდებულება აქვთ მოქალაქეების მიმართ, ასეთივე შერჩევითი დამოკიდებულება აქვთ რიცხვების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.