შალვა პაპუაშვილი - კრიზისულ დროს, როცა მობილიზება, თანადგომაა მნიშვნელოვანი, ვრცელდებოდა ტყუილები, საქართველო საინფორმაციო შეტევის ქვეშ იყო, ეს არის საბოტაჟი და ქვეყნისთვის ზურგში დანის ჩარტყმა
შალვა პაპუაშვილი - კრიზისულ დროს, როცა მობილიზება, თანადგომაა მნიშვნელოვანი, ვრცელდებოდა ტყუილები, საქართველო საინფორმაციო შეტევის ქვეშ იყო, ეს არის საბოტაჟი და ქვეყნისთვის ზურგში დანის ჩარტყმა

კრიტიკულ, კრიზისულ დროს, როცა მნიშვნელოვანია მობილიზება, თანადგომა და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველო საინფორმაციო შეტევის ქვეშ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი დეზინფორმაცია ეხებოდა მდინარე დღვიორას, რომელიც, პაპუაშვილის განცხადებით, სინამდვილეში სტიქიის ზონიდან რამდენიმე ასეული მეტრით ქვემოთა და არანაირ კავშირში არ იყო კურორტ შოვთან.

„დღეს ზოგს ბოდიშების მოხდა უწევს ხან კახა კალაძესთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხან დღვიორასთან დაკავშირებით, თითქოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ანალიზის მიხედვით, ხეობაში მოსალოდნელი იყო ღვარცოფი. სინამდვილეში ეს აბსოლუტური ტყუილი იყო. რამდენჯერმე მივმართე „მწვანე ალტერნატივას“, თუმცა ტყუილი შეინარჩუნეს. პირდაპირ ჰქონდათ მოხაზული მდინარე დღვიორა, რომელიც რამდენიმე ასეული მეტრით ქვემოთა, მეორე მხარეს არის. იქ საერთოდ არაფერი მომხდარა, არანაირ კავშირში არ იყო კურორტ შოვთან. ეს არის გლოლასთან. გასაგებია, რომ ხალხმა არ იცის გეოლოგია, მაგრამ გეოგრაფია მაინც ხომ უნდა ისწავლოს ადამიანმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კრიზისის დროს არასწორი ინფორმაციების გავრცელება საბოტაჟი და ზურგში დანის ჩარტყმაა.

„თქვენ მოისმინეთ გეოლოგების დასკვნა, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასება. ყველა თანხმდება, რომ საქართველოში გვყავს ერთი-ორი გეოლოგი თუ ვინ არის პროფესიით, არ ვიცი, ვინც იმ დღეებში ტელევიზორში ხშირად ჩანდა, განსაკუთრებით ერთი ქალბატონი. ერთი-ორი ასეთი ადამიანი გვყავს, რომელიც კრიზისის დროს, უბრალოდ, პანიკას ტეხს ტყუილით. აბსოლუტური ტყუილი იყო, რასაც თეა გოდოლაძე ამბობდა. ისიც ამბობდა, რომ დაგუბება იყო ორი დღის განმავლობაში, კიდევ „მთის ამბები“ ამბობდა, თითქოს ორი დღე წყალი არ მოდიოდა ბუბის ხეობაში ან დაკლებული იყო. ეს იყო ტყუილი, რაც მეცნიერულად დასტურდება. 3 აგვისტომდე არანაირი ცვლილება არ არის დაფიქსირებული წყალთან დაკავშირებით. ამას დაემატა მეორე ტყუილი, თითქოს ზემოთ რაღაც გუბდებოდა, ასე ვთქვათ, ღია ტბა არსებობდა. კრიზისის დროს ტყუილების გავრცელება ჩვეულებრივი საბოტაჟი და ქვეყნისთვის ზურგში დანის ჩარტყმაა. წინასწარმა დასკვნამ ზუსტადაც თქვა, რომ მდინარეში არანაირი წყლის კლება არ ყოფილა და ღია ტბის დაგუბება არ ხდებოდა. მათ შორის, სხვა ექსპერტების მხრიდანაც დადასტურდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.