შალვა პაპუაშვილი - კორეა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს მხარდაჭერა გამოხატული იყოს გაერო-ს რეზოლუციების აქტიური მხარდაჭერით
ჩვენ საუბარი გვქონდა საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მეგობრულ ჯგუფებსა და კომიტეტებს შორის ურთიერთობაზე. ჩვენთვის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია, როგორც საპარლამენტო დიპლომატიის ინსტრუმენტები. კორეის მხრიდან საქართველოს პარლამენტს აქვს თანამშრომლობისა და დახმარების დიდი გამოცდილება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას.
„ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე ვიზიტად და მომავალ წელს ეს ვიზიტიც შედგება. კარგია, რომ ასეთი პიროვნული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე. საუბარი იყო იმ სურვილზე, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება საქართველოსა და კორეას შორის, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობის გაძლიერებას. გარდა ამისა, საქართველოს მსგავსად, კორეასაც აქვს გეოპოლიტიკურად გარკვეუწილად ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქცია და ამ მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტიჯის საკითხებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და განსაკუთრებით, გაერო-ში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერა. კორეა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს მხარდაჭერა გამოხატული იყოს გაერო-ს რეზოლუციების აქტიური მხარდაჭერით. ეს იქნება თანასპონსორობა თუ სხვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.