შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის კონგრესში განხილვაზე ვიხილეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, ეს დარჩება ისტორიაში, როგორც უდიდესი ღალატის შემთხვევა
მძიმე სანახაობაა, ვნახეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი. ეს არის საბოლოო დასკვნა, რაც შეგვიძლია, კონგრესში გამართული გუშინდელი განხილვიდან გამოვიტანოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს დარჩება ისტორიაში, როგორც უდიდესი ღალატის შემთხვევა.
„ჩვენ ვიხილეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და დაკითხვის დროს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. არ ვიცი, ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება, ადამიანს შეეყაროს. ასეთი შემთხვევები ვიცით ისტორიიდან და მაშინ ჩუმად ჩადიოდნენ სხვა გავლენიანი ქვეყნების დედაქალაქებში, სახეს იმალავდნენ, ღამით გადაადგილდებოდნენ, ჩაიპარებოდნენ, რათა რაიმენაირად საკუთარი ქვეყანა დაებეზღებინათ სხვა ქვეყნის მმართველებთან და მიეღოთ მხარდაჭერა, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე გაელაშქრათ. დღეს, 21-ე საუკუნეში ეს ყველაფერი უკვე ღია ეთერში ხდება. რა თქმა უნდა, ეს დარჩება ისტორიაში, როგორც უდიდესი ღალატის შემთხვევა.
ამ ხალხს სერგო ორჯონიკიძეს ადრეც ვეძახდით, მაგრამ დღეს პირდაპირ დაგვანახეს, რომ მათი სრული ბუნება არის სერგო ორჯონიკიძესი. როგორც ის შემოუძღვა მე-11 არმიას საქართველოში, ასევე უნდათ შემოუძღვნენ საქართველოში სანქციებს თუ რაღაც დასჯებს. ჩადიან სხვა ქვეყნის დედაქალაქში, რათა საკუთარი ქვეყანა დააბეზღონ, საკუთარი ოპონენტების შვილების დასჯა მოითხოვონ. ისტორიაში რომ ვკითხულობდით, მაშინ გვახსოვს, რა ემოციები გვქონდა იმ შემთხვევებთან, რომლებიც საუკუნეების წინ იყო და ეს ხდება დღეს, ჩვენ თვალწინ, პირდაპირ ეთერში – ორი ადამიანი პირდაპირ ღალატობს საკუთარ ქვეყანას. წარმოგიდგენიათ, საქართველოს პარლამენტში აშშ-ის მოქალაქე ჩამოვიდეს და ჩვენებას აძლევდეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ? წარმოგიდგენიათ აშშ-ში რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე? სამწუხაროა, რომ იმას, რასაც თვითონ ამერიკელი კონგრესმენები თუ, ზოგადად, ამერიკელები ჩათვლიდნენ საკუთარი ქვეყნის ღალატად, აკეთებინებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში, დედაქალაქში. ამაზეც უნდა დავფიქრდეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კონგრესში განხილვაზე მოისმინა დეზინფორმაცია, თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია.
„უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთი დეზინფორმაცია ვნახეთ საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა არის ცუდი, თითქოს ის პოლიტპატიმარია. არ ვიცი, რაღა უნდა მოხდეს ამ პლანეტაზე, რა შეიძლება, კიდევ იყოს არგუმენტი იმის, საქართველოს ხელისუფლებას რამხელა დეზინფორმაციის წინააღმდეგ გვიწევდა ბრძოლა ორი წლის განმავლობაში. სტრასბურგმა თქვა, ხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანსაღად არის, ენერგიულად. გარდა ამისა, ყველამ ხომ ვიცით, რა სიმულაციასთან, მანიპულაციასთან, ტყუილთან, ანტიქართულ ტალღასთან გვქონდა საქმე. ამის შემდეგ მძიმე მოსასმენია, როცა კვლავ ვხედავთ კონგრესში ადამიანებს, რომლებიც ანტიქართულ დეზინფორმაციას იმეორებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს. განხილვაზე ე.წ. მოწმეების სახით მიწვეული იყვნენ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი, რომლებმაც შეკითხვებს უპასუხეს.