შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, უცხოურ პოლიტიკურ ჯგუფებს რატომ უნდოდათ მელია და გვარამია თავისუფლებაზე, ისინი გამორჩეული არიან რადიკალური ქმედებებით, პარლამენტზე თავდასხმით და შტურმით
შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, უცხოურ პოლიტიკურ ჯგუფებს რატომ უნდოდათ მელია და გვარამია თავისუფლებაზე, ისინი გამორჩეული არიან რადიკალური ქმედებებით, პარლამენტზე თავდასხმით და შტურმით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ახლა ირკვევა, თავის დროზე ქვეყნის გარედან რატომ ითხოვდნენ ნიკა გვარამიას შეწყალებას.

პაპუაშვილის თქმით, გვარამიას შეწყალების მიზანი არ ყოფილა არანაირი დეპოლარიზაცია, სინამდვილეში, უცხოელების ყველა მოქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ ნიკა გვარამია თავისუფლებაზე ყოფილიყო ქართულ პოლიტიკაში რადიკალური დღის წესრიგის შემოსატანად.

„ახლა ის მომენტია, როცა უნდა გავიხსენოთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. გახსოვთ, მაშინაც, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე გარედან ზეწოლა იყო. შემდეგ ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა აღიარა, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება მოხდებოდა. ეს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებისთვის სიურპრიზი იყო. ჩვენ ვნახეთ ამ შეწყალებაზე გამოხმაურებები, რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ. ახლა ირკვევა, რატომ ითხოვდნენ ნიკა გვარამიას შეწყალებას, რატომ იბარებდა მოსამართლეებს სხვადასხვა საელჩო, რათა თავის დროზე ზეწოლა მოეხდინათ ნიკა გვარამიას პროცესთან დაკავშირებით. ჩანს, საერთო ჯამში, რა იყო საერთო მიზანი. რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა, რომ საქმე არ ჰქონდათ ჟურნალისტთან, საქმე ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგთან, რომელიც მედიის ინსტრუმენტებს იყენებდა ძალადობრივი პარტიის იდეოლოგიის გასავრცელებლად. ვნახეთ, შედეგი რაც არის. არანაირი დეპოლარიზაცია არ იყო მიზანი. რა თქმა უნდა, ფარისეველი იყო ყველა ის უცხოელი, ვინც ნიკა გვარამიას შეწყალებას ამ კუთხით აჩვენებდა ქართულ საზოგადოებას. სინამდვილეში, მათი ყველა მოქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ ნიკა გვარამია თავისუფლებაზე ყოფილიყო, რათა ქართულ პოლიტიკაში მისთვის ჩვეული რადიკალური დღის წესრიგი შემოეტანა. ვფიქრობ, გაშიშვლდა, რა ჩანაფიქრი იყო ნიკა გვარამიას შეწყალების უკან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ნიკა მელია თავისუფლებაზეა იმის გამო, რომ მისი გირაო „ევროპის დემოკრატიულმა ფონდმა“ გადაიხადა.

„შეგახსენებთ, რომ ეს ევროკავშირის ფულით საქართველოში მოქმედი ორგანიზაციაა, რომელიც იატაკქვეშ, ფარულად აფინანსებს სხვადასხვა პოლიტიკურ აქტივობას კანონის დარღვევით, გაუმჭვირვალედ. მათი ფულის გადახდით მელია თავისუფლებაზეა. სტრასბურგის სასამართლომ სულ ახლახან გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომ მისი დაკავებისას ყველაფერი კანონიერი იყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რატომ უნდოდათ ნიკა მელია და ნიკა გვარამია თავისუფლებაზე – ეს არის ორი რადიკალი, რომელიც გამორჩეულია რადიკალური ქმედებებით, პარლამენტზე თავდასხმით და შტურმით, ისევე როგორც, ზოგადად, რადიკალური დღის წესრიგის შემოტანით. ორივეს უკან ჩანს კვალი უცხოური პოლიტიკური ჯგუფების. ორივე მათგანმა შეძლო, მართლმსაჯულებისთვის თავი აერიდებინა სწორედ იმიტომ, რომ უცხოური პოლიტიკური ჯგუფები ჩაერივნენ, ორივე მათგანი საქართველოში მოქმედებს სწორედ ამ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის დასამკვიდრებლად. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდება ქართული საზოგადოება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.