შალვა პაპუაშვილი - ხომ დაინახეთ შერიგებაზე საუბრისას ოპოზიციის, „ენჯეოების“ რეაქცია, როცა იქნება საკითხები, როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ, აფხაზები, ოსები ერთიან ქვეყანაში, ამ გადაწყვეტილებას ხომ დაბლოკავს ოპოზიცია
ჩვენ განვაცხადეთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება, მათ შორის იმისთვის, რომ სულ უფრო ახლოს არის და, გარკვეულწილად, რეალური ხდება შანსი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისა. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვინაიდან ამ პროცესს დასჭირდება კონსტიტუციური ცვლილებები და ოპოზიცია აუცილებლად დაბლოკავს ამ ცვლილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რადგან, როდესაც დადგება დრო ქართველების, ოსების და აფხაზების ერთიან ქვეყანაში ცხოვრების და ტექნიკურ-პოლიტიკური ხასიათის საკითხების მოწესრიგების, ამ საკითხებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.
მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან მიმდინარე კამპანიამ ეს ყველაფერი დაადასტურა.
„ეს ორი დღე ზუსტად გვაჩვენებს, რომ ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი მედია ამ საკითხში არიან ჩართული. წარმოიდგინეთ, საუბარი გვაქვს შერიგებაზე – ეწინააღმდეგებიან, თურმე ოსები და აფხაზები არიან მტრები, დამნაშავეები და როგორ შეიძლება, მათთან შერიგებაზე, შენდობაზე, სინანულზე, პატიებაზე, ურთიერთშეთანხმებაზე იყოს საუბარი? ორი დღე პირდაპირ შუღლს აღვივებენ, რომ ჩვენ არ გვაქვს არავითარი სასაუბრო იმასთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია ერთმანეთთან ეს ცვლილებები. ჩვენც ხომ არ ვატკინეთ ვიღაცას გული, ჩვენც ხომ არ დავუტოვეთ ვიღაცას იარა და ამისთვის ხომ არ არის სინანული და ურთიერთშენდობა საჭირო? ხომ დაინახეთ, ელემენტარულად, შერიგებაზე ვსაუბრობთ. შერიგებისას ხომ არის საუბარი სინანულზე, ურთიერთშენდობაზე, ეს ხომ ელემენტარულია. ამ ელემენტარულზე რომ ასეთი რეაქცია აქვთ, თქვენ წარმოიდგინეთ, როცა იქნება საკითხები, და ღმერთმა ქნას, ეს მალე იყოს, ტექნიკურ-პოლიტიკური ხასიათის მოსაწესრიგებელი, თუ როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ ერთიან ქვეყანაში, აქ ხომ ოპოზიცია აუცილებლად დაბლოკავს ამ გადაწყვეტილებას. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება, რადგან ზუსტად მათი ფალსტარტის პროვოცირება მოახდინა ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ. პირდაპირ დაგვანახეს, ისინი არაფერს გააკეთებენ და პირიქით, ყველანაირად დაბლოკავენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. რატომ? იმიტომ, რომ მათი ევროპული გზა – არის გზა აფხაზების და ოსების გარეშე და ამისთვის ამზადებენ ამ ქვეყანას, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე და ისე გავიაროთ ეს გზა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.