შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლების შეცვლა „ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული სურვილია, არჩევნები არის 2024 წელს და მოემზადონ 2024 წლისთვის
შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლების შეცვლა „ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული სურვილია, არჩევნები არის 2024 წელს და მოემზადონ 2024 წლისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლის არანაირი წინაპირობა არ არსებობს და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული სურვილი.

მისივე თქმით, უნდა მოემზადონ 2024 წლისთვის, რა დროსაც არჩევნები გაიმართება.

„არანაირი წინაპირობა არ არის, ეს ის სურვილებია, რასაც ვხედავთ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული სურვილი. ლიდერები, მათ შორის საერთაშორისო მედიებში ჩართვისას, ვნახეთ, როგორ აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება. არჩევნები არის 2024 წელს, მოემზადონ 2024 წლისთვის, მანამდე, ეს ყველაფერი მხოლოდ არეულობის მოსაწყობად არის გამიზნული. ჩაკეტილი წრეა, სადაც, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩაკეტილი, თავისი თავი, თავისი მომხრეები ჩაკეტილი ჰყავს ამ წრეში, საიდანაც ვერ გამოდიან. არ აღიარებენ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, მათ საქართველოს მოსახლეობამ მიანიჭათ ოპოზიციის როლი და ამ ოპოზიციის როლიდან უნდა შეეცადონ, იყვნენ ხელისუფლების ნაწილი და არა პირიქით, უარყონ ეს როლი და აბსოლუტური ძალაუფლებისთვის ისწრაფვოდნენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას.

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „თუ ვიქნებით აქტიურები, ამ ხელისუფლებას ამ ფორმით დარჩა მაქსიმუმ თვე-ნახევარი. ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში ამ გაზაფხულზე. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. მათ შორის, შეიძლება, შესული იყვნენ ნაწილობრივ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები“.