შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლება ისევე წარმატებით გააგრძელებს მუშაობას რეკომენდაციებზე, როგორც წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ოპოზიციისგან დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ კონსტრუქციული გახდება
შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლება ისევე წარმატებით გააგრძელებს მუშაობას რეკომენდაციებზე, როგორც წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ოპოზიციისგან დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ კონსტრუქციული გახდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ისევე წარმატებით განახორციელებს ევროკომისიის მიერ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, როგორც 12 პრიორიტეტის შემთხვევაში.

„რა თქმა უნდა, ისევე წარმატებულად განახორციელებს საქართველოს მთავრობა, როგორც 12 რეკომენდაციას. ეს უკვე გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ. გადახედეთ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში რა პროცესი იყო. იყო ხელისუფლება, რომელიც სამუშაო ჯგუფების, პარლამენტის კომიტეტების, სხვადასხვა ფორმატში მუშაობდა, მათ შორის ევროკომისიასთან მუდმივი დიალოგის რეჟიმში, და სწორედ ამიტომ მივაღწიეთ წარმატებას. გვყავდა ოპოზიცია, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა სამუშაო ჯგუფებს, კენჭისყრებში არ იღებდა მონაწილეობას, პარალელურ პროცესებს იწყებდა. ბოლოს გამოჩნდა და ღიადაც თქვეს, რომ ყველანაირად ცდილობდნენ, ჩაეშალათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ჩირქს სცხებდნენ საკუთარ ქვეყანას, შესციცინებდნენ უკრაინისა და მოლდოვის მიღწევებს და თავის ქვეყანას მაჩანჩალად მოიხსენიებდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოლოდინი არ აქვს, რომ ოპოზიცია სამუშაო პროცესებში ჩაერთვება.

„ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას ზუსტად ისევე, როგორც მუშაობდა წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ეს იქნება პროცესი, რომელიც ყველასთვის არის ღია და ყველას, ვისაც უნდა ქვეყნის წინსვლა, შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ჩვენ დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ კონსტრუქციული გახდებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც მისასალმებელია.

„დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას რაც შეეხება, მგონი, ამ მხრივ ყველაზე მოწადინებული და გამორჩეული ვართ, რომ აღქმებს დავუპირისპიროთ ფაქტები. ასე რომ, პირიქით, ეს რეკომენდაცია ჩვენთვის ძალიან მისასალმებელია, რომ ევროკავშირმაც დაინახა საჭიროება, საქართველოში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა სერიოზულად იყოს აღქმული. მნიშვნელოვანია, მოფიქრებული იყოს ინსტრუმენტები, როგორ შევებრძოლოთ მანიპულაციებს, დეზინფორმაციას, ყალბ ამბებს, რომლებიც ვრცელდება სხვადასხვა აქტორის მხრიდან თუ მედიაში, და როგორ დავუპირისპიროთ ფაქტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.