შალვა პაპუაშვილი - ხაზარაძე, რომელმაც „თიბისი ბანკიდან“ 17 მილიონი თაღლითურად გააქრო, 2000-3000 დოლარს თუ დახარჯავს ასაწყობ „ბასეინში“, ესეც გარკვეული კომპენსაციაა ქართველი ხალხისთვის
ხაზარაძე, რომელმაც „თიბისი ბანკიდან“ 17 მილიონი თაღლითურად გააქრო, 2000-3000 დოლარს თუ დახარჯავს ასაწყობ „ბასეინში“, ესეც გარკვეული კომპენსაციაა ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძისგან ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ელის 600 000 დოლარის ჩარიცხვას.
„რაც ხაზარაძე, ის ქველმოქმედება. თაღლითისგან კეთილ საქმეს, არ მგონია, ვინმე ელოდეს. რაც ვნახეთ, აბსოლუტური აბსურდია, თუმცა, რადგან აკეთებს, გააკეთოს. ადამიანმა, რომელმაც „თიბისი ბანკიდან“ 17 მლნ თაღლითურად გააქრო, ადამიანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან მილიარდ-ნახევარი დოლარის ამოცლას ცდილობდა, 2000-3000 დოლარს თუ დახარჯავს ასაწყობ „ბასეინში“, ესეც გარკვეული კომპენსაციაა ქართველი ხალხისთვის. საქართველოს ბიუჯეტი და ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ველით ხაზარაძისგან 600 000 დოლარის ჩარიცხვას, რომელიც მას საერთაშორისო არბიტრაჟმა დააკისრა, ქართველ ხალხს ეს ფული სჭირდება, ჩარიცხოს ბიუჯეტში 600 000 დოლარი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ თანხის იძულებით ამოღება, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პროცედურული მხარე საერთაშორისო არბიტრაჟს ეხება.
„არ ვიცი, სამართლებრივი პროცედურა სხვადასხვა არსებობს, ამ შემთხვევაში საერთაშორისო არბიტრაჟს ეხება, მაგრამ ფაქტს ყველა ვხვდებით, 600 000 დოლარი ქართველი ხალხისთვის გადასახდელი აქვს. იქ ასაწყობ „ბასეინებში“ კი არ უნდა ხარჯავდეს, ეს ფული შეაგროვოს, ჩარიცხოს საქართველოს ბიუჯეტში და საქართველოს ბიუჯეტიდან მივა თითოეული თეთრი ქართველ ხალხთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.