შალვა პაპუაშვილი - ხარჯების გასაჯაროების შემდეგ ვნახავთ, ხალხის ხარჯზე კიდევ რით იყო დაკავებული სააკაშვილი, დემოკრატიის შუქურა, რომლის გამოხსნას გარედან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს
შალვა პაპუაშვილი - ხარჯების გასაჯაროების შემდეგ ვნახავთ, ხალხის ხარჯზე კიდევ რით იყო დაკავებული სააკაშვილი, დემოკრატიის შუქურა, რომლის გამოხსნას გარედან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სიურპრიზი იყო ის დამატებითი ინფორმაცია, რაც მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვას უკავშირდება.

პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ხალხის ფულის ხარჯზე კიდევ რა თანხები იხარჯებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ.

„სააკაშვილის ხარჯების გასაჯაროებას რაც შეეხება, რთული იყო, წარმოგვედგინა, კიდევ რა შეიძლება ყოფილიყო, გაგვეგო ბიუჯეტის ხარჯზე სააკაშვილის ფუფუნებისკენ მიდრეკილი ცხოვრების შესახებ, მას შემდეგ, რაც აქამდე მოსმენილი გვქონდა – დაწყებული პერსონალურ სამედიცინო მომსახურებაზე, გაგრძელებული საკუთარი შვილის სკოლის ფულის გადასახადის  ბიუჯეტიდან გადახდაზე, რაც სამარცხვინო საქციელია. ამის შემდეგ დამატებით აღმოჩნდა ახალი ინფორმაცია. ეს ყველასთვის სიურპრიზი იყო, აქამდე არ იყო ცნობილი, როგორ იყენებდა სააკაშვილი სახელმწიფო თვითმფრინავს და ბიუჯეტის ფულს, რათა პირადი ტურისტული მოგზაურობები მოეწყო ვიღაცების საფლავზე, რაღაც ღირსშესანიშნავ ადგილებში. ეს ინფორმაცია ცნობილი როცა გახდა, როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტრო დაინტერესდა, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ არსებობს გრიფით საიდუმლო დოკუმენტები, რომელშიც სავარაუდოდ ეს მონაცემები არის აღწერილი. შესაბამისად, როგორც ვიცი, თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ამ გრიფისთვის საიდუმლოს მოხსნასთან დაკავშირებით.

საზოგადოება გაიგებს, რასთან გვქონდა საქმე და შევხედავთ, ჩვენი ხალხის ფულის ხარჯზე კიდევ რით იყო დაკავებული ეს ფუფუნების მოყვარული ადამიანი, დემოკრატიის შუქურა, რომლის რამენაირად ციხიდან გამოხსნას ცდილობს გარედან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და პოლიტიკური კორუფციით ერთმანეთთან დაკავშირებული ქსელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებაში შეიკრიბა შესაბამისი კომისია და დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.