შალვა პაპუაშვილი - კეზერაშვილი ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, გვაქვს კითხვა, რამე პირობით ხომ არ არის თავისუფალი ევროკავშირის ტერიტორიაზე და ეს პირობა ხომ არაა რადიკალური დღის წესრიგის დაფინანსება საქართველოში?
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საბანკო გადარიცხვებით დასტურდება, რომ თაღლითური ქოლცენტრების უკან დავით კეზერაშვილი დგას, თუმცა ევროკავშირის ტერიტორიაზე ის თავისუფლად გადაადგილდება.
პაპუაშვილის თქმით, ჩნდება კითხვა, რამე პირობით ხომ არ არის დავით კეზერაშვილი თავისუფალი ევროკავშირის ტერიტორიაზე და ეს პირობა ხომ არ არის მის მიერ საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის დაფინანსება? შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ევროკავშირის მხრიდან ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ კეზერაშვილი, რომელმაც ქართულ ჯარს მოჰპარა ფული, ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს. მანამდე თუ ეს იყო გარკვეული შეფასებების, ჟურნალისტური გამოძიების დონეზე, ახლა უკვე საბანკო გადარიცხვებით დასტურდება, რომ თაღლითური ქოლცენტრების უკან დგას დავით კეზერაშვილი, რომელიც არის ევროკავშირში მიღებული ადამიანი, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში. იქიდან აფინანსებს რადიკალურ დღის წესრიგს საქართველოში, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ოლიგარქი, არასამთავრობო სექტორის დამფინანსებელი. ასევე, პირდაპირ მისი არის ერთ-ერთი ტელევიზია. შუაგულ ევროკავშირში უზით ოლიგარქი, რომელიც ევროკავშირის პარტნიორ ქვეყანას, მის სტაბილურობას ძირს უთხრის და ამას ასე არხეინად შეჰყურებენ. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი კითხვები: რასთან გვაქვს საქმე? რატომ არის ხელშეწყობილი ეს ადამიანი? რამე პირობით ხომ არ არის ის თავისუფალი ევროკავშირის ტერიტორიაზე? ეს პირობა ხომ არ არის, რომ მან დააფინანსოს რადიკალური დღის წესრიგი საქართველოში? ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა და მისმა წარმომადგენლობამ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა. მიხეილ სააკაშვილი, ასევე, სასჯელმისჯილი ადამიანი, ბრიუსელის, ევროკავშირის ოფისებში შეხვედრებს მართავდა, მაშინ როდესაც ადამიანს დამტკიცებული ჰქონდა, რომ მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი; ზურაბ ადეიშვილი დღემდე მართავს შეხვედრებს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან, ხან ბრიუსელში, ხან კიევში. ამიტომ ევროკავშირმა, ნაცვლად მორალისტობისა, რომელსაც ძალიან ხშირად ვხედავთ ბოლო პერიოდში ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, პასუხი უნდა გასცეს, რასთან გვაქვს საქმე, ხომ არ არის ეს მაღალი დონის კორუფციის მაჩვენებელი ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდან, რომელიც კრიმინალებს – ადეიშვილს, სააკაშვილსა და კეზერაშვილს მფარველობს?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.