შალვა პაპუაშვილი - კეთილსინდისიერება მოეთხოვება ყველას, ვინც სააკაშვილის მეგობრად მიიჩნევს თავს, მას უნდა ურჩიონ, ითანამშრომლოს ექიმებთან, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან
არაერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, ციხის ადმინისტრაციასთან, ახლა ვხედავთ, რომ ის არ თანამშრომლობს საგამოძიებო სტრუქტურებთან, რომ მის მიერვე გაცხადებულ პრეტენზიებზე მოხდეს მოკვლევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილმა შესაბამის სამსახურებთან ითანამაშრომლოს.
„რამდენჯერმე იყო შეთავაზება, ჩაებარებინა ანალიზები, რადგან განცხადებები იყო გაკეთებული, თითქოს მოწამლეს, რაც ხან დაადასტურა, ხან უარყო. გუშინ ვნახეთ, რომ წერილი მისწერა ვიღაც რუს პირს, რომელშიც ეუბნებოდა, რომ მოწამლეს. ამ საქმეში ძალიან ბევრი ტყუილია. სიცრუე, სიყალბე, დეზინფორმაცია, ამას სჭირდება ობიექტური განსჯა და ობიექტური განსჯისთვის არის სასამართლო, რომელიც მიმდინარეობს. საჭიროა, ანალიზი ჩააბაროს, რომ დაარწმუნოს საზოგადოება, მისი ეს განცხადებები მხოლოდ სიტყვები არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კეთილსინდისიერება მოეთხოვება ყველას, ვინც თავს სააკაშვილის მეგობრად მიიჩნევს.
„ჩვეულებრივი მანიპულაციაა ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო ლობისტური საქმიანობისთვის, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის გარეთ გაყვანის საკითხის წინ წამოწევა. თან უნდათ, რომ სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუციების ნდობა შეარყიონ. ადვოკატებს, რომლებიც ჩართულები არიან საქმეში, დარწმუნებული ვარ, თავიანთი პროფესიული კარიერის განმავლობაში მრავალჯერ მიუმართავთ სამხარაულის ბიუროსთვის და მათ ექსპერტიზაზე დაყრდნობით მრავალჯერ უწარმოებიათ პროცესები. კეთილსინდისიერება მოეთხოვება ყველას, თუ ვინმე თავს თვლის სააკაშვილის მეგობრად. პირველი, რაც უნდა ურჩიონ მას, არის ის, რომ ითანამშრომლოს ექიმებთან, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.