შალვა პაპუაშვილი - კარგია, რომ ევროკავშირის წევრობის კითხვარი გასაჯაროვდა, ისტერიის შემდეგ ყველა დაწყნარდა და სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ბევრ ადამიანს, რომელსაც კითხვარის შევსების სურვილი გასჩენოდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კარგია, რომ ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებული კითხვარი გასაჯაროვდა და ნახევარდღიანი ეიფორიისა და ისტერიის შემდეგ, ყველა დაწყნარდა.
„სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ბევრ ადამიანს, რომელსაც სურვილი გასჩენოდა კითხვარის შევსების. ყველა მიხვდა, რომ ეს არის საკმაოდ სკულპლუოზური და რუტინული სამუშაო. შეფასებითი ხასიათის კითხვარი არ გახლავთ, ესაა ფაქტობრივი მდგომარეობის აღმწერი კითხვები, რომელსაც ძირითადად პასუხი გაეცემა კანონმდებლობაზე დაყრდნობით. ამის საფუძველზე შემდეგ შეფასებას გააკეთებს კომისია. ამ კითხვარის ერთადერთი მიზანია, აღწეროს ფაქტობრივი საკანონმდებლო მდგომარეობა საქართველოში. რაც მახსენდება, დიდად არც ერთი კითხვა არ არის, რომელიც შეფასებითი ხასიათის იქნებოდა. ყველაფერი ფაქტობრივ მდგომარეობაზეა დამყარებული. ამიტომ ვხედავთ, რომ ეს ისტერიაც ჩაწყნარდა და ყველამ ამას შეხედა, როგორც საქმიან პროცესს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, კითხვარის შევსებაში პარლამენტიცაა ჩართული.
„ახლა მთავარია, ვკონცენტრირდეთ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს კითხვარის შევსება. ხდება კითხვებზე პასუხის გაცემა, რა მდგომარეობაა. სამომავლოდ რა რეფორმების გატარება იქნება საჭირო, სხვა ეტაპია. მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგი საკითხია და ჩვენი ასოცირების შეთანხმების საკითხია. სწორედ ასოცირების შეთანხმებაშია გაწერილი ის რეფორმები, რომელსაც ქვეყანა ამ კითხვარის შევსების პარალელურად ატარებს. ასოცირების შეთანხმების 40% გვაქვს შესრულებული, 60% ჯერ კიდევ შესასრულებელია. ჩვენი გეგმა იყო 2024 წლისთვის დამატებით კიდევ 20% შეგვესრულებინა, ავიდეთ ასოცირების შეთანხმების 60-65%-ის შესრულებაზე. რეფორმები ყოველდღიურად ხორციელდება. პარლამენტის მუშაობას თუ დააკვირდებით, თითქმის ყოველ კვირეულად არის კანონების განხილვა, რომელიც ემსახურება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და ინსტიტუციურად და სამართლებრივად საქართველოს ევროკავშირთა დაახლოებას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.