შალვა პაპუაშვილი - კანონპროექტი უზრუნველყოფს, რომ ქალთა მონაწილეობა საკრებულოებში იყოს სულ ცოტა 20 პროცენტი
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმით, ქალთა კვოტირების თვალსაზრისით იცვლება თანაფარდობა, თუმცა არსებითად არაფერი. როგორც ჟურნალისტებს პაპუაშვილმა განუცხადა, დღეს მოქმედ კანონში ჩანაწერი თუ იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ყოველი მეორე უნდა ყოფილიყო განსხვავებული სქესის, კანონპროექტით, ყოველი მესამე იქნება.
„იცვლება საარჩევნო სისტემა და იზრდება იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც პროპორციული წესით იქნებიან არჩეული. საერთო ჯამში, ეს არაფერს ცვლის, რადგან როგორც აქამდე, სიაში ყოველი მეორე ქალის ჩასმა უზრუნველყოფდა ქალთა მონაწილეობას სულ ცოტა 20 პროცენტით, ეს ჩანაწერიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქალთა მონაწილეობა იყოს სულ ცოტა – 20 პროცენტი საკრებულოებში. „ქალთა მოძრაობისა“ და ოპოზიციის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ არ დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე, ვიდრე განცხადებას გააკეთებდნენ.
პარტიები რომ გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ, მათ არავინ უშლით, რომ მეტი ქალი ჰყავდეთ სიაში. ამიტომ პარტიებსა და აქტივისტებს მოვუწოდებ, პარტიებთან იმუშაონ, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი ჰყავდეთ საარჩევნო სიაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საარჩევნო რეფორმის გარდამავალ დებულებაში აღნიშნულია, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია იმგვარად, რომ წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.
დღეს მოქმედი კანონით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალთა კვოტირება განსაზღვრულია ყოველ ორ წევრს შორის.