შალვა პაპუაშვილი - კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო, ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებთან, რათა პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ
გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო, ამიტომაც არის, რომ ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებთან, რათა პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„გადაწყვეტილებას ასეც და ისეც იღებს ევროპული საბჭო, ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებთან, რათა პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ. თქვენ ნახეთ, რომ მაგალითად, ბულგარეთის პარლამენტმა სულ რამდენიმე დღის წინ სწორედ ჩვენი კანდიდატობის სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი და გესმით ასევე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. ჩვენთვის საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება. რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ამ მხრივ ჩვენ ევროკომისიასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, პირდაპირი კომუნიკაცია. ამის შედეგი გახლდათ მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც იყო სრულად შეთანხმებული ევროკომისიასთან. ამის შედეგი არის ის მემორანდუმი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ რეკომენდაციების შესრულების მხრივ და იცით, რომ მეათე რეკომენდაცია არის სწორედ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის გარკვეულ სისტემებში მოქცევა. შეფასებების კუთხით ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.