შალვა პაპუაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით დამოკიდებული ვართ ოპოზიციაზე, იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩენენ სერიოზულობას და რეკომენდაციის შესრულებაში დაგვეხმარებიან
12 პუნქტის შესრულებას რაც შეეხება, მომავალ კვირას ჩვენ განვიხილავთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციას და ასევე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებების სტრატეგიას, რითიც საბოლოოდ შესრულდება მე-8 და მე-9 რეკომენდაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დარჩენილი გვექნება ორი საკითხი, დეოლიგარქიზაციისა და სასამართლო რეფორმის საკითხი. ამ პროექტებზე მუშაობას უახლოეს დროში დავასრულებთ და, შესაბამისად, საქართველო შეძლებს, სრულად შეასრულოს ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიცია გამოიჩენს სერიოზულობას და რეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობას მიიღებს.
„არის ერთი საკითხი. იცით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას სჭირდება, სულ მცირე, 90 ხმა. აქ ჩვენ დამოკიდებული ვართ ოპოზიციაზე და იმედი მაქვს, ნაცვლად ლოზუნგებით საუბრისა, ოპოზიცია ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩენს სერიოზულობას და ამ რეკომენდაციის შესრულებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.