შალვა პაპუაშვილი - იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას ოპოზიციის მხრიდან რაც დარბაზში ვიხილეთ, არის პირდაპირი საბოტაჟი, გამოჩნდა, როგორ ხდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ჩაშლა
ის, რაც ახლა დარბაზში ვიხილეთ, ეს არის პირდაპირი საბოტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „დოკუმენტაციებს რომ თავი დავანებოთ, ეს არის საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუციების საბოტაჟი“.
„ეს არის სახე იმ უპატივცემულობისა, რომელიც გამოიჩინა რადიკალურმა ოპოზიციამ თავისუფალი მანდატის მიმართ და პირდაპირ ეთერში გამოჩნდა, როგორ ხდება ჩაშლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა, პირდაპირ სახელებით, გვარებით, სახეებით დავინახეთ ადამიანები, რომლებიც შეეცადნენ, რომ საბოტაჟი მოეწყოთ. ამიტომ ტექნიკური შესვენება იქნება და მე ოპოზიციას მოვუწოდებ, დაფიქრდეს, რას აკეთებენ. ტექნიკურ შესვენებას მოგცემთ იმისთვის, რომ დაფიქრდეთ. სამი კანდიდატი არჩეული არის, ორი ვაკანსია არის კიდევ დარჩენილი და ყველას მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ იმ მაღალ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც თქვენი მანდატი ითვალისწინებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტში დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად კენჭისყრები იმართება, ამ დროისთვის არჩეულია სამი წევრი, რომლებმაც მხარდაჭერა ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილისგანაც მიიღეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმაა საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭიროა როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. სამი წევრის არჩევის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.