შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს, ლორენცო ფონტანას შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიის პარლამენტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და გამოთქვა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების იმედი.
„იტალიის პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, იტალია მხარს დაუჭერს ამ პროცესს. მხარეებმა ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების გარემო და საქართველოსა და იტალიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი.
შეხვედრა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, დეპუტატები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მაია ბითაძე“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.