შალვა პაპუაშვილი - ისტერიის დათესვას ვინც ცდილობს, ყველა ეს ადამიანი სინამდვილეში ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას
შალვა პაპუაშვილი - ისტერიის დათესვას ვინც ცდილობს, ყველა ეს ადამიანი სინამდვილეში ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას

ისტერიის დათესვას ვინც ცდილობს, ყველა ეს ადამიანი სინამდვილეში ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ელჩების კონფერენციის“ შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რატომ გაუსვა ხაზი კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის ისტერიას.

პაპუაშვილის თქმით, „თუ გავიხსენებთ მთლიანად ევროინტეგრაციის პროცესს, ამიტომ გავუსვი ხაზი – საქმე ისტერიის წინააღმდეგ. ისტერია, ეს არის ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული პოლიტიზებული ჯგუფები და საქმე, ეს იყო ხელისუფლების მხარეს“.

„თავიდანვე თუ გაიხსენებთ, როდესაც გადმოგვეცა ევროკავშირის წევრობის კითხვარი, დაიწყო ისტერია, რომ კითხვარი უნდა ყოფილიყო საჯარო განხილვის საკითხი, უნდა ყოფილიყო ჩართული ყველა ჯგუფი კითხვარის შევსებაში, რომ ხელისუფლება არ შეავსებდა ამას სწორად და ტყუილებს ჩაწერდა. ამ დონემდე იყო დასული „ენჯეო“ სექტორის ნაწილი და ოპოზიცია. ეს არის სწორედ ისტერია და დაყენება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად, რომ რაღაც საკითხზე ევროკავშირი დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ხვალ. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს და ჩვენ ვართ ავტორები კონსტიტუციური ჩანაწერისა თუ რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტს საქართველოს ხელისუფლება მიყვება ნაბიჯ-ნაბიჯ და თანმიმდევრულად და ამან მოგვიტანა ჩვენ ასოცირების შეთანხმებაც, ვიზალიბერალიზაციაც და კანდიდატის სტატუსიც. ასე გავაგრძელებთ ზუსტად შემდეგ მოძრაობასაც – საქმით. ჩვენი ორი უმთავრესი პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან მთავარი, პირველი გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს არის კანდიდატის სტატუსი. მეორე, უმთავრესი გადაწყვეტილება, ეს არის ევროკავშირის წევრობა. ამის შორის არის ბევრი ეტაპი, რომელიც გადასალახი იქნება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველა ამ ეტაპს მივუდგეთ საქმიანად, ისტერიის გარეშე. ვინც ისტერიის დათესვას ცდილობს, ყველა ეს ადამიანი სინამდვილეში ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციაზე დღეს განაცხადა: „საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს, გავაგრძელებთ ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას, რათა დროულად დავასრულოთ დაწყებული მოლაპარაკებები“.