შალვა პაპუაშვილი - ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება
შალვა პაპუაშვილი - ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება

საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობიდან მთავრობის ხელმძღვანელის არჩევა ქართული პარლამენტარიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიისთვის არსებითი წინსვლაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.

„საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ქვეყნის ახალ მთავრობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ისტორიული ფაქტის მოწმენი გავხდით – საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობიდან მთავრობის ხელმძღვანელის არჩევა ქართული პარლამენტარიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიისთვის არსებითი წინსვლაა.

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით იწყება ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და ეროვნულ უსაფრთხოებას, მოსახლეობისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის გზაზე, გააძლიერებს პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას, ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. ასევე, უფრო მეტად დაგვაახლოებს ქართველი ხალხის ოცნების საქართველოსთან, რომელშიც არ იქნება ოკუპაცია და სიღარიბე.

„ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე – ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო“. ვულოცავ ახალ პრემიერ-მინისტრს. მას და მის გუნდს ვუსურვებ წარმატებებს. საერთო ძალისხმევით ჩვენი სამშობლოსთვის წინ ბევრი გამარჯვება გველოდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.