ირაკლი კობახიძე ირანში გაემგზავრა, რათა პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა. ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, ჩვენი ისტორიულ-კულტურული კავშირები, რომლებიც რეგიონში არსებობს და გვავალდებულებს, როგორც ერს და ქვეყანას, შესაბამის თანადგომას ჭირში, ლხინში თუ ინაუგურაციისას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, როგორც ირანის პრეზიდენტის დაღუპვის ტრაგიკული ფაქტის დროს მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველი ხალხის სახელით გამოეხატა სამძიმარი, ასევე მნიშვნელოვანია ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობაც, როდესაც საქმე ჩვენს სამეზობლოს ეხება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, როგორც ვიცი, იქ იქნებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ ჩვენი ისტორიულ-კულტურული კავშირები, რომლებიც რეგიონში არსებობს და გვავალდებულებს, როგორც ერს და ქვეყანას, შესაბამის თანადგომას ჭირში, ლხინში თუ ინაუგურაციისას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანში გაემგზავრა იმისთვის, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ მას არჩევა მიულოცა ყველა ქვეყანამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც და მთელი სამეზობლო ინაუგურაციაზე იმყოფება. ეს არის ჩვენი არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ ისტორიულ-კულტურული ვალდებულებაც, რომ რეგიონში ასეთი ღონისძიებების დროს ქართველი ხალხი იყო წარმოდგენილი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, აშშ-ისთვის ეს არის თუ არა გზავნილი, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა:
„რატომ უნდა იყოს რამე გზავნილი? ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში. ამ რეგიონში არ არის ხომ აშშ განთავსებული?! ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში ისტორიულადაც, პოლიტიკურადაც, გეოპოლიტიკურადაც და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს სწორი ურთიერთობა ჩვენს სამეზობლოსთან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველი ხალხის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცოს პრეზიდენტად არჩევა და მიიღოს მონაწილეობა ინაუგურაციის პროცესში ისევე, როგორც ამას აკეთებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, თურქეთიც ასევე წარმოდგენილი იქნება.
გახსოვთ, როდესაც ჩინეთში იყო სხვადასხვა თანამდებობის პირების ვიზიტი, იყო ბრალდებები. დღეს ხედავთ, რომ ჩინეთში ჩადის ყველა ევროპელი ლიდერი. ზუსტად იგივე პათოსი იყო, თითქოს რუსეთთან კავშირების გამო და ა.შ. ჩვენ სამყაროს არ ვუყურებთ ასეთი პრიზმიდან, ვუყურებთ საქართველოს მდგომარეობიდან და ადგილიდან, საიდანაც ვართ ისტორიულად, ვუყურებთ ჩვენი სამეზობლოთი და ა.შ. ჩვენს სამეზობლოში ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ ისტორიული ტაქტიც, როგორც ჭირში, ისე პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს წარმოდგენილი იყოს ქართველი ხალხი. მგონი, ქართველი ხალხი ზუსტადაც მიესალმება, რომ მნიშვნელოვანია მეზობლებთან ამ მხრივ ურთიერთობა. გარდა ამისა, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის დონეზე, იმყოფებიან ინაუგურაციაზე და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. მილოცვებიც მიიღო ევროპელი ლიდერების მხრიდან ირანის ახალმა პრეზიდენტმა. ამიტომ, ჩვენ ამოვდივართ ერის, ქვეყნის ინტერესებიდან. ოპოზიცია გასაგებია, რომ არ ამოდის ამ ქვეყნის ინტერესებიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე: „გიქმნით თუ არა უხერხულობას, რომ, ფაქტობრივად, ომის თანამონაწილე ქვეყანასთან ასეთ მჭიდრო კავშირებს ამყარებთ“, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ირანი არანაირი ომის თანამონაწილე არ არის, არ ვიცი, საიდან ასკვნით ამას“.
„რაც შეეხება ირანთან ჩვენს ურთიერთობას, ჩვენი ისტორიული, დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს ირანთან, რომელიც ეფუძნება როგორც ერებს შორის პატივისცემას და მათ შორის კულტურულ ურთიერთობას, ისე ჩვენი ხალხის დამოკიდებულების გამოხატვას იმ პროცესების მიმართ, რომელიც შეიძლება, მიმდინარეობდეს ინაუგურაციის სახით. ამიტომ, უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფო კი არ იყურებოდეს აქეთ-იქით, მიმბაძველად კი არ იმოქმედოს, აბა, სხვა რას გააკეთებს და მეც ისე მოვიქცევი – ჩვენ 30 წლის ახალი რესპუბლიკა კი ვართ, მაგრამ 3 ათასი წლის სახელმწიფო ვართ. არ მგონია, დედამიწის ზურგზე რომელიმე სახელმწიფოს ჰქონდეს სახელმწიფოებრიობის ის გამოცდილება, რომელიც ქართულ გენშია. მათ შორის, გამომდინარე ისტორიულად რთული რეგიონიდან, მათ შორის ჩვენი 30-წლიანი ბოლო ისტორიიდან გამომდინარე.
არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ჩვენზე მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვს ამ მხრივ, როგორ მოვიქცეთ სამეზობლოში. ამიტომ, აქ პრიორიტეტი არის ქართველი ხალხის ინტერესი. ჩვენ არავის მითითება არ გვჭირდება, როგორ მოვიქცეთ სამეზობლოში და როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობის კუნძული ამ გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. ზუსტად ის ხალხი, რომელიც აჟიტირებს ხან იქით, ხან აქეთ, ამ ხალხმა ატეხა აქ არაერთხელ ომი და დავიდარაბა, შიდა თუ გარე. ასეთი ხალხისგან, ქვეყნის შიგნით და მათ შორის ქვეყნის გარეთ მრჩევლებისგან, რა თქმა უნდა, რაიმე რჩევას ვერ ვიღებთ. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესით. ქართველი ხალხის ინტერესში როდესაც არის კეთილმეზობლური ურთიერთობები და ამ ურთიერთობების, მათ შორის ხაზგასმით და წარმოჩენით მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, ისე როგორც მოქმედებენ სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ხელისუფლებები. მათ მიმართ არანაირი კითხვები არ არსებობს ამ მხრივ. სხვათა შორის, უკრაინიდანაც არ არსებობს კითხვები ინაუგურაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. რატომღაც საქართველოს ოპოზიციას და მის კუთვნილ მედიას უჩნდება საკუთარი სამშობლოს მიმართ კითხვები, როდესაც ყველა კარგად ხვდება, რამდენად სწორად, გააზრებულად, წინდახედულად იქცევა საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.